„რეზონანსი" - სახელმწიფო ფინანსურ პირამიდას გზას უხსნის

ფინანსური პირამიდების წინააღმდეგ სახელმწიფო საერთოდ უმოქმედოა.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას ათასობით დაზარალებული ჰყავს, არათუ საკანონმდებლო დონეზე, კონტროლის მიმართულებითაც კი არაფერი ხდება. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, ეროვნული ბანკი ერთადერთი ორგანოა, რომელსაც კანონით ფინანსური ბაზრის კონტროლი აკისრია, თუმცა ეს უწყება წარმოუდგენლად პასიურია, მისი საქმიანობა მხოლოდ რამდენიმე გამაფრთხილებელი გზავნილით შემოიფარგლება, რომელსაც სებ-ი ხანდახან საზოგადოებას აწვდის.

ბოლო დროს ძლივს მოხერხდა, რომ პარლამენტში შექმნილიყო სამუშაო ჯგუფი, რომელიც ფინანსური პირამიდების კუთხით იმუშავებს. ამ დროისთვის კომისიის ვალდებულება ერთი კონკრეტული საქმით - საფინანსო კომპანიის "საქართველოს" დაზარალებული მეანაბრეების დახმარებით შემოიფარგლება, მაგრამ არც ეს საქმე გამოსდით. როგორ მოხდება დაზარალებულთა უფლებების დაცვა, კომისიის წევრის, დეპუტატ გურამ მაჭარაშვილისთვის უცნობია.

როგორც მან "რეზონანსს" განუცხადა, კომისიის წევრებს ჰქონდათ რამდენიმე საქმიანი შეხვედრა და აქტიურად მუშაობენ იმაზე, თუ რა სარგებელი შეიძლება მიიღონ დაზარალებულმა მეანაბრეებმა, სანამ გაკოტრებული კომპანიის აქტივების რეალიზება მოხდება.

"ჩვენი მიზანია, დაზარალებულებს დავეხმაროთ, რომ მინიმალურ დონეზე, რაღაც ფორმით სარგებელი მიიღონ. გარკვეული პერიოდის შემდეგ, შესაძლებელი უნდა გახდეს ინვესტორის მიერ აქტივების შესყიდვა. ხალხი ამით გარკვეულ სარგებელს მიიღებს.

შესაძლოა, გარკვეული ცლილება შევიდეს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით, თუმცა სამოქალაქო დავაში სახელმწიფო ვერ ჩაერევა. საფინანსო ბაზრის კონტოლი ევალება ეროვნულ ბანკს. თუ ის დაინახავს, რომ კომპანია ეწევა ისეთ საქმიანობას, რომელიც დეპოზიტების პროცედურებთან მიახლოებულია, უფლება აქვს, მიანიჭოს სტატუსი და შეუჩეროს საქმიანობა. ამის იქით კანონმდებლობა არაფერს გვეუბნება", - აცხადებს მაჭარაშვილი და მოუწოდებს მოქალაქეებს, საკუთარი დანაზოგის მართვისას განსაკუთრებით ფრთხილად იყვნენ, რათა არაკეთილსინდისიერი კომპანიების მახეში არ გაებან.

"ერთი რომელიმე კომპანიის მიერ დაწესებული სარგებელი, რომელიც შეუსაბამოა არსებულ საბაზრო საპროცენტო განაკვეთთან, ყოველთვის საეჭვოა. ეს ყველამ უნდა გააცნობიეროს, რათა მათი თანხა ფინანსურ პირამიდას არ ემსხვერპლოს. ახლა მთავარია, მოსახლეობა მსგავსი მაქინაციებისგან დავიცვათ და ეს ვალდებულება სახელმწიფომ უნდა აიღოს. შესაძლებელია ამაზე ფიქრი და გარკვეული საკანონმდებლო ბაზის მომზადება. 2000-ზე მეტი ადამიანია დაზარალებული. პირველ ეტაპზე, გვინდა ეს პრობლემა მოვაგვაროთ და საკანონმდებლო ცვლილებებზე შემდეგში ვიზრუნოთ", - ამბობს მაჭარაშვილი.

სახელმწიფოს პასიურ როლზე საუბრობს დაზარალებულთა უფლებადამცველი, რომელიც მთავრობას საკანონმდებლო ბაზის მოგვარებას ურჩევს. სამართლის ექსპერტი აკაკი ჩარგეიშვილი ამბობს, რომ პარლამენტი სირაქლემის პოზიციაშია და საკუთარი მოქალაქეების დასაცავად არაფერს აკეთებს.

"იმედი მქონდა, რომ პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის გადაწყვეტილება გავრცელდებოდა ყველა იმ ფინანსურ სქემაზე, რომელიც რეალურად მოუწესრიგებელია ქვეყანაში. ხარვეზის გამოსწორებას ნამდვილად ველოდი, რაც არ მოხდა. საქართველოს პარლამენტმა უარი თქვა კანონმდებლობის შესწორებაზე. გამოდის, რომ ასეთი დამოკიდებულებით წაახალისა კრიმინალი, ფინანსური პირამიდები და გზა გაუხსნა ახალ დანაშაულს.

ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომია. არც ხალხისთვის და არც საკანონმდელო კუთხით არაფერი შეცვლილა. რეალურია საფრთხე, რომ კომპანია "საქართველოს" მსგავსი სხვაც გამოჩნდეს. დანაშაულის პრევენცია ვერ ხერხდება, საკანონმდებლო ნორმა კრიმინალურ ქმედებას არ ეწინააღმდეგება", - აცხადებს ჩარგეიშვილი.

სებ-ში მიაჩნიათ, რომ ფინანსური პირამიდა თავისი არსით დანაშაულებრივ ქმედებას წარმოადგენს. ამიტომ მსგავსი საქმიანობის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით კონკრეტული ღონისძიებების განხორციელება ეროვნული ბანკის უფლებამოსილებას სცილდება.

"ეროვნული ბანკის ერთადერთი ბერკეტი, რასაც ამ ეტაპზე იყენებს, ეს არის გამაფრთხილებელი ღონისძიებები, რომელიც მომხმარებლებს საკუთარი თანხების დაბანდებისას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. სებ-ი ამავდროულად განუმარტავს მოქალაქეებს, რომ მსგავსი გადაწყვეტილება დაკავშირებულია მნიშვნელოვან ფინანსურ და სამართლებრივ რისკებთან", - აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

ამასობაში საფინანსო კომპანია "საქართველოს" დაზარალებული მეანაბრეები საპროტესტო აქციების დაწყებას გეგმავენ. ისინი ამბობენ, რომ პასუხისმგებლობა ეკისრება ეროვნულ ბანკს, რომელსაც დიდი წვლილი აქვს პრობლემის მოუგვარებლობაში. დაზარალებული მეანაბრეები პარლამენტის მხრიდან პასუხს ელოდნენ, თუმცა გადაწყვიტეს, საპროტესტო აქციებით დაიცვან საკუთარი უფლებები. პირველი მსვლელობა 10 მაისს მთავრობის ადმინისტრაციასა და ეროვნულ ბანკთან იგეგმება.

მარი ჩიტაია

გაზეთი "რეზონანსი"