საავტომობილო გზების განვითარებისთვის სოციოლოგიური კვლევა ჩატარდება

მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, 4-5 მაისს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი და კომპანია „Rebel Group”, ერთდროულად 6 სხვადასხვა წერტილზე, საავტომობილო გზების განვითარებისათვის მოძრაობის ინტენსივობის კვლევას და სოციოლოგიურ გამოკითხვას ჩაატარებს.

კვლევა ჩატარდება შემდეგ წერტილებში: მარნეული-რუსთავის მონაკვეთზე, სომხეთის საზღვრის მიმართულებით, თბილისი-რუსთავის ჩქაროსნულ მაგისტრალზე, მცხეთიდან რუსეთის ფედერაციის საზღვრის მიმართულებით, ხაშურიდან-ბორჯომის მიმართულებით, სამტრედიაში და ქობულეთი-ციხისძირის მონაკვეთზე.

კვლევის ფარგლებში, ინტერვიუერები გამოკითხავენ აღნიშნულ მიმართულებებზე მოძრავი ავტოტრანსპორტის მძღოლებს და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საინფორმაციო ბუკლეტებს დაურიგებენ. გამოკითხვასთან ერთად, ზემოაღნიშნულ წერტილებში დამონტაჟდება ავტომატური სათვლელი აღჭურვილობები, რომლებიც 7 დღის განმავლობაში დაითვლიან ავტოტრანსპორტის მოძრაობის ინტენსივობას.

სოციოლოგიური კვლევა ნებაყოფლობითია. საავტომობილო გზების დეპარტამენტი მადლობას უხდის ყველა იმ მძღოლს, რომელიც კვლევაში მიიღებს მონაწილეობას