ვინაიდან ჩვენი თანამოქალაქეები აქტიურად ითხოვენ, რომ საზოგადოებრივი სარგებლობის სივრცეები გავათავისუფლოთ გარევაჭრობისგან, ჩვენ ამ პროცესს, რასაკვირველია, გავაგრძელებთ , - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ახმეტელის მეტროსთან გამართულ აქციასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა.
ნარმანიამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ გარემოვაჭრეებს საშუალება ექნებათ ალტერნატიულ ფართზე, 6 თვის განმავლობაში იჯარის გადახდის გარეშე ივაჭრონ.
„ბაზრები და ბაზრობების ადმინისტრაციები ჩვენთან მოლაპარაკებების საფუძველზე, 6 თვის განმავლობაში გადასახადისგან ათავისუფლებენ იმ ადამიანებს, ვინც ადრე გარეთ იდგა და ახლა გადაწყვეტს, რომ ცივილური ფორმით ივაჭროს. მათ არ მოუწევთ 6 თვის განმავლობაში შესაბამისი გადასახადის გადახდა, რაც ვფიქრობ, საინტერესო და მიმზიდველია. მეორე მხრივ, ვინაიდან ჩვენი თანამოქალაქეები აქტიურად ითხოვენ, რომ საზოგადოებრივი სარგებლობის სივრცეები გავათავისუფლოთ გარევაჭრობისგან და გადაადგილება გახდეს უფრო კომფორტული, ასევე სურსათის უვნებლობის წესები იყოს დაცული, ჩვენ ამ პროცესს, რასაკვირველია, გავაგრძელებთ”, - განაცხადა დავით ნარმანიამ.