გარდაბანში მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება.
როგორც თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის იურიდიული განყოფილების უფროსმა ლადო კილასონიამ განაცხადა, გამარჯვებული კომპანია შპს „კა დე ვე ჯორჯია“ 81 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს და თბილისის მასშტაბით არსებული მყარი ნარჩენების გადამუშავებას სრულად შეძლებს.
„მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის ასაშენებლად გამოცხადდა ინტერესთა გამოხატვა, სადაც შესაბამისი ტექნიკური პირობები იყო გათვალისწინებული.
დაინტერესებულნი იყვნენ როგორც ქართული კომპანიები, ასევე - უცხოური. 13-მა დაინტერესებულმა კომპანიამ წარმოადგინა თავისი წინადადებები. უწყებათაშორისი კომისიის წევრებმა - თბილისის მერიის, გარემოს დაცვის სამინისტროსა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების წარმომადგენლებმა განიხილეს წინადადებები და კომისიის მუშაობის შედეგად გამარჯვებულად გამოვლინდა ქართული კომპანია შპს „კა დე ვე ჯორჯია“. კომპანიასთან მემორანდუმი ერთი წლის წინ, 2016 წლის 3 მაისს გაფორმდა. მემორანდუმის შესაბამისად, კომპანიას ჰქონდა ვალდებულება, დაემზადებინა გარემოს დაცვის სამინისტროსგან გარემოზე ზემოქმედების შეფასების პარამეტრი (გზშ). გარდა ამისა, კომპანიას ვალდებულება ჰქონდა წარმოედგინა მშენებლობის ნებართვა. შპს „კა დე ვე ჯორჯიამ“ ორივე დოკუმენტი შეიმუშავა და უახლოეს დღეებში წარმოადგენს. ერთი თვის ფარგლებში კი გადაწყდება მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით ყველა დეტალი.
ქარხნისთვის გამოყოფილია „თბილსერვის“ ჯგუფის ტერიტორია გარდაბანში. პოლიგონის ტერიტორიაზე აშენდება ქარხანა. სულ 50 ჰექტრამდე ტერიტორიაა, საიდანაც ქარხნისთვის საჭიროა 15 ჰექტარი, თუმცა ტერიტორიის დანარჩენი ნაწილი სასაწყობე ფართებისთვის იქნება განკუთვნილი.
ქარხანა გამოიმუშავებს ევრო 5-ის სტანდარტის დიზელს, რომელიც საკმაოდ დიდი წარმადობით იქნება. ქარხანა დღიურად 400 ტონამდე დიზელის მიღებას შეძლებს, აღნიშნული წარმადობის დიზელს საქართველოში არ მოიხმარენ და ამიტომ მას ექსპორტზე გაიტანენ. რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, ქარხანა ასევე შეძლებს ცემენტის წარმოებაში სხვადასხვა კომპონენტის მიღებას, რაც საქართველოს ბაზარზე გაიყიდება.
დღეის გათვლებით და ხელშეკრულების საფუძველზე კომპანია არანაკლებ 81 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. მშენებლობისთვის გათვალისწინებულია ერთწლიანი პერიოდი. საშუალო მონაცემებით, ქარხანა დღიურად 1000 ტონა ნარჩენის გადამუშავებას შეძლებს და სრულად უზრუნველყოფს თბილისის მასშტაბით არსებული მყარი ნარჩენების ათვისებას. ქარხანა გერმანული ტექნოლოგიით იმუშავებს“, - აღნიშნა ლადო კილასონიამ.