”ქართული ოცნების” დეპუტატი ლევან კობერიძე მთავრობას ვენახების კონტროლის დაწყებისკენ მოუწოდებს. როგორც კობერიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, როცა საუბარია ღვინის ხარისხის კონტროლზე, აქცენტი მევენახეობაზე უნდა გაკეთდეს.
”როდესაც ხარისხის კონტროლზე ვსაუბრობთ, შემოგთავაზებთ და შეგახსენებთ, რომ ღვინის სააგენტოს ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია არის არა პროდუქციის დეგუსტაციის გზით შემოწმება და შემდგომში საექსპორტო დოკუმენტაციის ამ ნაწილში ჩართვა, არამედ პირველ რიგში, არის ვენახების კონტოლი. საერთოდ, თუ ჩვენ გვინდა კონტროლზე და ხარისხზე ვისაუბროთ, რომ ქართული ღვინო უნდა იყოს ცოტა უფრო მაღალი ხარისხის, პირველ რიგში, ნედლეულის კომპონენტი უნდა იყოს ძალიან ძლიერი. საქართველოში ჯერ კიდევ არ არის დასრულებული ვენახების კადასტრიზაციის პროგრამები. თუ ჩვენ ვსაუბრობთ ადგილწარმოშობის ღვინოებზე, ხარისხიან ღვინოებზე, აქ საუბარი უნდა იყოს ვენახების ჯიშობრივ სიწმინდეზე, სერთიფიცირებულ სანერგე მეურნეობებზე და არა ლონდონში გასული ღვინის დამატებით კონტროლზე”, - განაცხადა ლევან კობერიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
პარლამენტი, პირველი მოსმენით - პრინციპების დონეზე, ”ვაზისა და ღვინის შესახებ” მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას იხილავს, რომელთა დაკავშირებითაც დეპუტატებს შენიშვნები აქვთ.
კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ წარადგინა.
ნოდარ კერესელიძის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ მოქმედ კანონმდებლობაში მევენახეობა-მეღვინეობის დარგის არაერთი ტერმინია განმარტებული, ასევე არაერთი ძირითადი პრინციპია ჩამოყალიბებული, ის თანამედროვე მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს, არ არის ადაპტირებული საერთაშორისო ტერმინებზე, რაც ხშირ შემთხვევაში, ღვინისა და ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლური სასმელების ექსპორტ-იმპორტისთვის ბარიერს ქმნის.
მნიშვნელოვანი ცვლილებები ღვინის კლასიფიკაციის თავში შედის - შემოდის ქვევრის ღვინის და ქარვისფერი ღვინის განმარტებები. ცვლილებები შედის ეტიკეტირების წესში.
კანონპროექტში დაგეგმილია ცვლილების ასახვა, რომლის მიხედვით, ჩამოსასხმელი ღვინის გატანა ექსპორტზე აიკრძალება, რაც როგორც ინიციატორი განმარტავს, კიდევ უფრო მეტად ხარისხიანი ღვინის ექსპორტს შეუწყობს ხელს და ფალსიფიკაციის ბარიერი გახდება.
ამასთან, დეგუსტაცია კანონით ყველა საექსპორტო ღვინოზე გავრცელდება, რაც დღემდე მხოლოდ ადგილწარმოშობის ღვინოებისთვის იყო სავალდებულო.
”ქართული ღვინო არატრადიციულ ბაზრებზე ნაბიჯ-ნაბიჯ იმკვიდრებს რეპუტაციას, რაც არსებული კონკურენციის პირობებში, რთულია. ჩვენი პოლიტიკაა, ხელი შევუწყოთ დივერსიფიცირებას, დარგი არ იყოს ჩამოკიდებული ერთ ან ორ საექსპორტო მიმართულებზე. ჩვენ ისტორიულად ვიცით, თუ რა პრობლემები შეგვიქმნა ამან. ამიტომ თუკი გვინდა, რომ გავიდეთ სხვა ბაზრებზეც, მათ შორის მაღალმარჟიან ბაზრებზე, აბსოლუტურად აუცილებელია გარანტირება იმისა, რომ ექსპორტზე გავა ნამდვილად ხარისხიანი ღვინო”, - განაცხადა ნოდარ კერესელიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.