აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა გიდების გადამზადება დაიწყო.
როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი იუწყება, პირველ ეტაპზე, 20-მდე გიდი ბათუმის ტურის მიმართულებით გადამზადდა. ტრენინგების განმავლობაში მათ ქალაქის ისტორიის, აჭარის ეთნოგრაფიის, გიდის ხელოვნების, ქალაქის ძველი და თანამედროვე არქიტექტურის შესახებ ინფორმაცია ისტორიკოსებისგან, ეთნოგრაფებისა და პროფესიონალი გიდებისგან მიიღეს. მათ ასევე ჩაუტარდათ პრაქტიკული საფეხმავლო ტური ბათუმის ფარგლებში.
მათივე განმარტებით , 20-საათიანი სატრენინგო კურსის მიზანი აჭარაში მოქმედი გიდების ცოდნის გაღრმავება და მათთვის ხარისხის ნიშნის მისაღები გამოცდებისთვის მომზადებაა. შემდეგი კვირიდან კი გიდების გადამზადება მთიანი აჭარის 4 ტურისტული მარშრუტის მიმართულებით იწყება. დაცული ტერიტორიების, მაჭახელას, ქედის ღვინის მარშრუტისა და მაღალმთიანი აჭარის ტურებზე 60-მდე გიდი ივნისის შუა რიცხვებამდე გადამზადდება.
მათივე ცნობით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი წელს იწყებს ხარისხის ნიშნის მინიჭებას „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ უკვე გიდებისთვის. გიდები, რომლებსაც სურთ ხარისხის ნიშნის მიღება, სპეციალურ გამოცდას ჩააბარებენ, რომლის შემდეგაც ისინი რეკომენდებულნი იქნებიან აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ.