საქართველოს პარლამენტმა დღეს მეორე მოსმენით მიიღო ”თამბაქოს კონტროლის შესახებ” კანონში ცვლილებები. როგორც „თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ იუწყება, საკანონმდებლო ცვლილებები ეტაპობრივად განხორციელდება.
„თამბაქოს ნაწარმის სადა შეფუთვა და კოლოფზე თამბაქოს მოხმარების შედეგად გამოწვეული დაავადებების ფოტოების (პიქტოგრამების) დატანა 2018 წლის პირველი იანვრიდან გახდება სავალდებულო. 2018 წლის პირველი მაისიდან კი თამბაქოს ნაწარმის (მათ შორის, ელექტრონული სიგარეტის და ჩილიმის) მოწევა აიკრძალება ყველა დახურულ სივრცეში (იგულისხმება შენობა ნაგებობა, რომელსაც 50%-ზე მეტი კედლები აქვს), გარდა საცხოვრებელი ბინების, სასჯელაღსრულების და წინასწარი დაკავების დაწესებულებებისა და კაზინოების. მხოლოდ სიგარის მოწევა კი შესაძლებელი იქნება სიგარ-ბარებში, სადაც კატეგორიულად დაუშვებელი იქნება ყველა სახის საკვები პროდუქტის გაყიდვა, რათა სიგარ-ბარი კაფე-ბარად არ ტრანსფორმირდეს.
ამასთან, სიგარ-ბარის გასახსნელად საჭირო იქნება სპეციალური, ძვირადღირებული ლიცენზიის მოპოვება. 2018 წლის პირველი მაისიდან აიკრძალება თამბაქოს ნაწარმის რეკლამა, სავაჭრო ობიექტებში თამბაქოს პროდუქციის გარე ხილვადობა კი 2018 წლის პირველი სექტემბრიდან აიკრძალება, ამ დროიდან დაუშვებელი იქნება მათი გამოფენა სავაჭრო ობიექტების გარე ვიტრაჟებში, 2021 წლიდან აკრძალვა შეეხება თამბაქოს ნაწარმის შიდა ხილვადობასაც და თამბაქოს ნაწარმი არა გამჭვირვალე ლაითბოქსებში, არამედ შენიღბულ სივრცეში განთავსდება“, - ნათქვამია "თამბაქოს კონტროლის ალიანსის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ინფორმაციით, კანონპროექტის ნაწილი, რომელიც სიგარ ბარებში და კაზინოში მოწევის დაშვებას ეხება, კანონპროექტის სერიოზული სისუსტეა. "ვიმედოვნებთ, რომ ეს ნაკლოვანება უახლოეს მომავალში გამოსწორდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაირღვევა კაზინოებსა და სიგარ-ბარებში მომუშავე პერსონალის უფლება, ისუნთქონ თამბაქოს ბოლისგან თავისუფალი ჰაერი.
”ამ საკანონმდებლო ხარვეზის გამოსწორებამდე თანადგომას ვუცხადებთ ყველას, ვინც კაზინოებსა და სიგარ-ბარებში მუშაობს და ისურვებს იჩივლოს თამბაქოს მოხმარების შედეგად მათი სამუშაო გარემოს დაბინძურების გამო, ჩვენ მათ სამართლებრივ დახმარებას გავუწევთ", - აღნიშნავენ „თამბაქოს კონტროლის ალიანსში“.
”თამბაქოს კონტროლის შესახებ” საკანონმდებლო ცვლილებებს 76 მომხრე და ორი წინააღმდეგი ჰყავდა. კანონის საბოლოო მიღებამდე კიდევ ერთი მოსმენა დარჩა, რომელიც მიმდინარე თვის ბოლო რიცხვებში გაიმართება და 31 მაისს, თამბაქოს საწინააღმდეგო საერთაშორისო დღეს, საქართველო ახალი, გამკაცრებული კანონით შეხვდება.