ბორჯომში სოფელ ჩითახევთან ახალი დაკიდული ხიდის მშენებლობა დასრულდა, - ამის შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტი იუწყება.
ობიექტი დღეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დიმიტრი ყიფიანმა დაათვალიერა. გამგებლის განმარტებით, ხიდით სპორტის ექსტრემალური სახეობის ჯომარდობის მოყვარული და პროფესიონალი სპორტსმენები ისარგებლებენ.
„წელს ბორჯომი ჯომარდობაში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. ამიტომ შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობა უმნიშვნელოვანესია. პროექტი ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსდა და იმედი გვაქვს, რომ ჯომარდობის ფედერაციასთან ერთად მუნიციპალიტეტიც თავის წვლილს შეიტანს ბორჯომის ხეობაში სპორტის ამ სახეობის უფრო მეტად პოპულარიზაციაში“, - აღნიშნა გამგებელმა.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ტერიტორიაზე დასრულებულია ასევე გაბიონების მოწყობის სამუშაოებიც. მტკვირს სანაპიროზე ამჟამად ჩემპიონატის ჩატარებისათვის საჭირო სხვადასხვა დანიშნულების ობიექტების მოწყობა მიმდინარეობს.
მათვე ცნობით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში დღეს სხვა ხიდების რეაბილიტაციაც ხორციელდება. სამუშაოების ფარგლებში სოფელ ახალდაბაში და სოფელ ვარდგინეთში მოეწყობა საფეხმავლო ხიდები. უახლოეს მომავალში კი დაიწყება სოფელ ყვიბისისა და სოფელ ჭობისხევში გადასასვლელი ხიდების რეაბილიტაცია. ხუთივე პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 218 319 ლარით დაფინანსდა.