ბიტკოინის ფასი 1 400 დოლარს გადასცდა

სამშაბათს ბიტკოინის ფასი მისი არსებობის ისტორიაში პირველად ასცდა 1 400-დოლარიან ზღვარს და მომდევნო ორ დღეში 1 550 დოლარსაც მიაღწია.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში, კრიპტოვალუტის ფასი დაახლოებით გასამმაგდა. მასზე მოთხოვნის ახლანდელი მკვეთრი ზრდა იმ გარემოებამ გამოიწვია, რომ იაპონიაში ბიტკოინი გადახდის კანონიერ საშუალებად აღიარეს.

ბიტკოინით და სხვა კრიპტოვალუტებით ვაჭრობის ანალიზზე ორიენტირებული ვებგვერდი „კრიპტოკომპარ“ იტყობინება, რომ ამ კვირაში ვაჭრობის მოცულობის დაახლოებით 50 პროცენტი, ბიტკოინის იაპონურ იენზე გადაცვლაზე მოდის. ეს პირდაპირ მოწმობს, რომ ციფრულ ვალუტაზე მოთხოვნა მკვეთრად არის გაზრდილი.

„იაპონელებისთვის ბიტკოინი გადახდის ლეგალური საშუალება გახდა, რამაც იაპონელებს შორის ამ ვალუტაზე მოთხოვნა გაზარდა. გარდა ამისა, კურსის ზრდას ხელს ის ფაქტორიც უწყობს, რომ ჩინეთში ციფრული ვალუტის გაცვლებს წინააღმდეგობებს უქმნიან“, - ამბობს ვებგვერდ „კრიპტოკომპარის“ დამფუძნებელი ჩარლზ ჰეიტერი.

ჩინეთში წელს ციფრული ვალუტების გაცვლაზე მკაცრი კონტროლი დაწესდა და ამ ტიპის ვაჭრობა საკომისიოებით დაიბეგრა. მსოფლიოს ყველაზე ხალხმრავალ ქვეყანაში ბიტკოინებით სპეკულაციებს ეწინააღმდეგებიან, რადგან თვლიან, რომ პოტენციურად, ციფრული ვალუტის ფულის გათეთრების ოპერაციებში გამოყენებაა შესაძლებელი.

ბიტკოინი 2008 წელს შეიქმნა. სერიოზული წინააღმდეგობების მიუხედავად, ვალუტამ დამკვიდრება დაიწყო და 2011 წელს მის მიღებას დიდი ორგანიზაციებიც შეუდგნენ. მისი გამოყენება თანდათან სულ უფრო ინტენსიური ხდება, რაც მასზე მოთხოვნის ზრდას იწვევს. პარალელურად, იზრდება ახალი კრიპტოვალუტების რიცხვიც, თუმცა პოპულარობით და მოთხოვნადობით, ბიტკოინს ვერცერთი შეედრება. ამჟამად, მთელს მსოფლიოში დაახლოებით 25 მილიარდი დოლარის ღირებულების ბიტკოინია მიმოქცევაში.