ალექსანდრე ჯეჯელავა - სახლიდან მუშაობა ჩვენთან გავრცელებული არ არის, თუმცა მთელ მსოფლიოში აქტიურად გამოიყენება, ჩავთვალეთ, რომ მოსინჯვა კარგი იქნებოდა

სახლიდან მუშაობა ჩვენთან ძალიან გავრცელებული არ არის, თუმცა მთელ მსოფლიოში უკვე მრავალი წელია აქტიურად გამოიყენება, ამიტომ ჩავთვალეთ, რომ მოსინჯვა კარგი იქნებოდა , - ამის შესახებ ვიცე- პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანამშრომლებისთვის ახალი პროექტის „სახლიდან მუშაობის დღის“ შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც ჯეჯელავამ აღნიშნა, განათლების სამინისტროში მიმდინარეობს მართვის სისტემის რეფორმა, რომელიც დეკემბერ-იანვარში დაიწყო მასშტაბური რეორგანიზაციით და ბევრ კომპონენტს მოიცავს.

„ვცდილობთ, რომ თანამედროვე მენეჯერული პრაქტიკა დავნერგოთ. მოგეხსენებათ, რომ სახლიდან მუშაობა ჩვენთან ძალიან გავრცელებული არ არის, მთელ მსოფლიოში უკვე მრავალი წელია აქტიურად გამოიყენება, ამიტომ ჩავთვალეთ, რომ მოსინჯვა კარგი იქნებოდა. ძალიან ბევრი თანამშრომელია განათლების სამინისტროში, რომლებსაც საწერი, საფიქრალი, საკითხავი სამუშაო აქვთ, რაც თავისუფლად შეიძლება ოფისს გარეთ გაკეთდეს. ისიც მოგეხსენებათ, რომ ოფისში ეფექტურობა ასეთი სამუშაოსთვის ყოველთვის კარგი არ იყო, ამიტომ დავიწყეთ ეს ინიციატივა. მე პირადადაც მისაუბრია ჩვენს თანამშრომლებთან და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ერთი დღე ძალიან პროდუქტიული იქნება მათი ანალიტიკური სამუშაოსთვის“, - განაცხადა ჯეჯელავამ.