"რეზონანსი" - ხელისუფლება ცხოვრების კიდევ უფრო გასაძვირებლად ემზადება?!

მთავრობა ახალი გადასახადის შემოღებისა და არსებულის გაზრდის მიზნით კონსტიტუციაში ცვლილებას გეგმავს. ამისთვის სამიზნე კონსტიტუციის 94-ე მუხლია, რომლის თანახმადაც, გადასახადების შემოღება ან არსებულზე განაკვეთის მომატება მხოლოდ მთავრობის მიერ ინიცირებული რეფერენდუმის საფუძველზე არის შესაძლებელი. იმის ნაცვლად, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის შემსუბუქებაზე იზრუნოს, ხელისუფლება ცხოვრების კიდევ უფრო გასაძვირებლად ემზადება.

მთავრობაში არ მალავენ, რომ გადასახადების ზრდასთან დაკავშირებით ექნებათ სიძნელე და ამ ბარიერის ასაცილებლად ზომების მიღება მოუწევთ. პარლამენტის დეპუტატი, ფრაქცია "ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების" მდივანი ბექა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ კონსტიტუციის 94-ე მუხლი დემოკრატიულ პრინციპებს ეწინააღმდეგება. ამიტომ შესწორება უნდა შევიდეს და კონსტიტუციიდან ეს მუხლი უნდა ამოიღონ.

"94-ე მუხლი ეწინააღმდეგება წარმომადგენლობით დემოკრატიას, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. ეს არის სოციალური წესრიგის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. ზოგადად, არ არსებობს ქვეყანა, რომელშიც გადასახადებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას რეფერენდუმის საშუალებით იღებდნენ. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ ეს მუხლი არასწორია და კონსტიტუციიდან უნდა ამოვიღოთ", - აცხადებს ნაცვლიშვილი და დასძენს, რომ იგი ხელს უშლის ისეთი პოლიტიკური ძალის ხელისუფლებაში მოსვლას, რომელიც ახალი საგადასახადო პოლიტიკის გატარებას მოინდომებს.

"ხელისუფლებაში, უბრალოდ, ვერ მოვა ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელიც შეეცდება გადასახადის გაზრდას ან პროგრესული გადასახადის შემოღებას, რაც გულისხმობს მაღალშემოსავლიანების უფრო მეტად დაბეგვრას და დაბალშემოსავლიანების საგადასახადო ტვირთის შემცირებას. ამდენად, კონსტიტუციის 94-ე მუხლი არადემოკრატიულია.

"საგადასახადო პოლიტიკა ყველა ქვეყანაში ეკონომიკური ბერკეტის განხორციელებისთვის მთავარია. თუკი რომელიმე ხელისუფლება მოინდომებს გადასახადების გაზრდას, წააწყდება ძალიან დიდ სირთულეს. ყოველთვის აღმოჩნდებიან ძალები, რომლებიც მთავრობის სურვილს ცუდად გაიგებენ. ამიტომ მიგვაჩნია, რომ ასეთი ჩანაწერი არ უნდა არსებობდეს კონსტიტუციაში.

"აქ ლაპარაკი არ არის ახალი გადასახადების შემოღებაზე. ამ შემთხვევაში საუბარია მხოლოდ კონსტიტუციიდან კონკრეტული მუხლის ამოღებაზე და არა ორგანული კანონის შეცვლაზე ან გაუქმებაზე. როგორც საკონსტიტუციო ნორმა, ის მმართველობის არსებულ სისტემასთან შეუსაბამოა. ამ ეტაპზე რაიმე ტიპის გადასახადის შემოღებაზე საუბარი არ არის, ასეთი განზრახვა არ გვაქვს", - აცხადებს ნაცვლიშვილი.

94-ე მუხლს სპეციალისტები ეკონომიკური თავისუფლების გარანტად მიიჩნევენ. ისინი შიშობენ, რომ კონსტიტუციიდან ჩანაწერის გაქრობა საინვესტიციო გარემოს საგრძნობლად გააუარესებს და სოციალურ ფონს ქვეყანაში კიდევ უფრო დაამძიმებს. იურისტი ლევან ალაფიშვილი "რეზონანსთან" საუბრისას განმარტავს, რომ საქართველო არ არის ეკონომიკურად ძლიერი ქვეყანა და სჭირდება ხელჩასაჭიდი გარანტიები, რათა არ განხორციელდეს ისეთი ცვლილებები, რაც მოსახლეობას დამატებით პრობლემას შეუქმნის.

"ვიმედოვნებ, მთავრობა დარჩება იმ სიტყვების ერთგული, რაც ამ მუხლთან დაკავშირებით საჯაროდ განაცხადა. ერთხელ უკვე აღიარეს, რომ 94-ე მუხლთან დაკავშირებული საკითხი გავლენას იქონიებს საინვესტიციო გარემოზე და ამიტომ მის რევიზიას არ მოახდენდნენ. მიუხედავად დაპირებისა, ახლა სრულიად სხვაგვარი განცხადება მოვისმინეთ.

"წარმოდგენაც კი მიჭირს, თუ როგორ შეიძლება გადასახადების გაზრდამ საინვესტიციო გარემო გააუარესოს. ქვეყნის ეკონომიკას ძალიან უჭირს, დამოკიდებულია დახმარებებზე, გარედან ინექციებზე და შველა სჭირდება. ამისთვის გვინდა სტაბილური გარემო.

"მიკვირს, რომ ეს თემა ხელოვნურად გაააქტიურეს. კონსტიტუციური ცვლილება ორიოდე დღის წინ 108 ხელმოწერით (და არა 113) იყო ინიცირებული. 108 ნიშნავს, რომ მმართველ პარტიას შიგნით აქვს პრობლემა. როგორც ჩანს, მმართველ პოლიტიკურ ძალას უწევს ხმების აკრეფა და შიდა ვაჭრობა მაჟორიტარებთან ან სხვებთან და ეს პროცესი დროში იჭიმება", - აცხადებს ალაფიშვილი და დასძენს, რომ 94-ე მუხლის გაუქმება საინვესტიციო გარემოს გააუარესებს.

იურისტი ფიქრობს, რომ კონსტიტუციიდან 94-ე მუხლის ამოღებაზე მსჯელობაც კი დემოკრატიის ხარისხზე ცუდ გავლენას მოახდენს, ქვეყანაში სოციალურ გარემოს დაამძიმებს, ცხოვრებას გააძვირებს. ახალი გადასახადების შემოღება რთული იქნება როგორც ბიზნესისთვის, ასევე მოსახლეობისთვისაც.

მარი ჩიტაია

გაზეთი "რეზონანსი"