საქართველოს ხელისუფლებამ საზოგადოებას კონსტიტუციური ცვლილებების პროექტი წარუდგინა, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველო სოციალური სახელმწიფოა.
ეს ცნება დაწვრილებით არის განმარტებული პროექტის მეხუთე მუხლში, რომელშიც ნათქვამია:
„საქართველო არის სოციალური სახელმწიფო. სახელმწიფო ზრუნავს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპების დამკვიდრებაზე.
სახელმწიფო ზრუნავს ქვეყნის მთელი ტერიტორიის თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის. მაღალმთიანი რეგიონების განსავითარებლად კანონი ადგენს შეღავათებს.
სახელმწიფო ზრუნავს მოქალაქის ჯანმრთელობასა და სოციალურ დაცვაზე, საარსებო მინიმუმით და ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე. სახელმწიფო ხელს უწყობს მოქალაქეს დასაქმებაში. საარსებო მინიმუმის უზრუნველყოფის პირობები განისაზღვრება კანონით.
სახელმწიფო ზრუნავს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის განვითარებაზე.
ახლანდელი და მომავალი თაობების ინტერესების გათვალისწინებით, სახელმწიფო უზრუნველყოფს გარემოს დაცვას, ბუნებრივი რესურსებით რაციონალურ სარგებლობას და ქვეყნის მდგრად ეკოლოგიურ განვითარებას.
სახელმწიფო ზრუნავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისათვის განსაკუთრებული პირობების შექმნაზე.
სახელმწიფო ხელს უწყობს ქალისა და კაცის თანაბარ მონაწილეობას საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში.“
აღსანიშნავია, რომ დღეს მოქმედი კონსტიტუციის ტექსტიც მიუთითებს, რომ საქართველო სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოა, თუმცა მოქმედ კონსტიტუციაში არაფერია ნათქვამი სოციალურ სამართლიანობასა და თანასწორობაზე, ჯანმრთელობასა და სოციალურ დაცვაზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე, რაც ახალ რედაქციაში საგანგებოდ არის ხაზგასმული. ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ სოციალური სახელმწიფოს შინაარსის კონსტიტუციით განსაზღვრა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა.
„ბიზნესპრესნიუსმა“ ამ საკითხის შეფასება სახელმწიფო საკონსტიტუციო კომიტეტის ყოფილ წევრს - ვახტანგ ხმალაძეს სთხოვა.
„მე ვიყავი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომიტეტის წევრი, რომელსაც უფლებამოსილება ახლახან - აპრილის ბოლოს შეუწყდა. ის, რომ საქართველო სოციალური სახელმწიფოა, ჩვენს კონსტიტუციაში თავიდანვე ეწერა: რომ ავიღოთ 1995 წლის კონსტიტუცია, მის პრეამბულაში ეს შავით თეთრზე წერია. უბრალოდ, ახალ პროექტში სოციალური სახელმწიფოს ცნება უფრო ფართოდ არის გაშლილი - იქ განმარტებულია ძირითადი პრინციპი, რომელზეც უნდა აშენდეს სოციალური სახელმწიფო. თორემ ეს ნორმა იმთავითვე არსებობდა“, - აღნიშნავს ვახტანგ ხმალაძე.
მისი შეფასებით, სოციალური სახელმწიფო თავის თავში მოიცავს სოციალურ სამართლიანობას, თანასწორობას და სოციალურ სოლიდარობას.
„თანასწორობა ნიშნავს, რომ ყველა სოციალურ ჯგუფს ერთნაირი უფლებები უნდა ჰქონდეს და არც ერთი მათგანი არ იყოს დაკნინებული. თანაც, სხვადასხვა სოციალურ ჯგუფში მყოფი ადამიანები სოლიდარულნი უნდა იყვნენ ერთმანეთის მიმართ. მაგალითად: ჩვენ გადასახადებს რომ ვიხდით, სახელმწიფო ამ თანხას სოციალურად დაუცველ და დაბალი შემოსავლის მქონე პირებზე ხარჯავს. სოციალური სახელმწიფო ადამიანებზე ზრუნავს, ამიტომ განხილვის დროს, მე-5 მუხლის წინააღმდეგ არავის პრეტენზია არ გამოუთქვამს“, - ამბობს ვახტანგ ხმალაძე.
სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის პროგრამის ხელმძღვანელი ლევან ალაფიშვილი მიიჩნევს, რომ სოციალური სახელმწიფოს ცნება ყველა ნორმალურ სახელმწიფოში არსებობს.
„კონსტიტუცია, გარდა სამართლებრივი შინაარსისა, პოლიტიკური დოკუმენტია, რომელშიც მოცემულია ამჟამინდელი და სამომავლო ხედვები, რომელსაც სახელმწიფო დაეფუძნება. სოციალური სამართლიანობა და პასუხისმგებლობა ის საკითხებია, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში. ასე რომ, საქართველოს კონსტიტუციაში ამ ჩანაწერის განვრცობა, აუცილებლობით იყო გამოწვეული. ეს ცვლილება იმიტომ გახდა საჭირო, რომ უფრო გამყარებულიყო ჩანაწერი, რომელიც ჩვენს კონსტიტუციაში ადრეც არსებობდა“, - აცხადებს ლევან ალაფიშვილი.
ლევან ალაფიშვილის თქმით, პროექტის ავ-კარგზე ჯერ ვერ ვიმსჯელებთ, რადგან ეს არის პროექტი, რომელსაც ძალიან გრძელი გზა აქვს გასავლელი:
„ამ პროექტში ბევრი რამ შეიცვალა და მომავალშიც შეიცვლება. ამიტომ, ჯერ ვერ ვიტყვით რა არის მასში ცოცხალი და რა - მკვდარი. ჯერჯერობით ეს მხოლოდ პროექტია. იარსებებს თუ არა ამჟამინდელი სახით, არ ვიცით, რადგან ეს პარლამენტის დეპუტატებმა უნდა გადაწყვიტონ“ - აღნიშნავს ალაფიშვილი.
ხათუნა ჩიგოგიძე