მთავრობამ პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობის წესი დაამტკიცა.
დადგენილება, რომელიც 25 აპრილს დამტკიცდა, ძალაში მიმდინარე წლის 1 ივლისიდან შევა.
დადგენილების მიხედვით, მივლინებაში ყოფნის პერიოდში მოხელეს დაკავებული თანამდებობა და შრომითი გასამრჯელო უნარჩუნდება. ამასთან, მივლინებაში გამგზავრებისას საჯარო მოხელეს მივლინებაში ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში სრულად უნდა აუნაზღაურდეს სამივლინებო ხარჯები, გარდა ამ წესით დადგენილი გამონაკლისებისა.
ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრებასთან დაკავშირებით, მთავრობის წევრმა პრემიერ-მინისტრს უნდა მიმართოს და მიმართვაში ვიზიტის მიზანი და ხანგრძლივობა აღნიშნოს.
„სამივლინებო ხარჯები შედგება სადღეღამისო, მგზავრობის, საცხოვრებელი ფართობის დაქირავებისა და საჭიროების შემთხვევაში, საზღვარგარეთის შესაბამისი ქვეყნის ვიზის მიღებისათვის გაწეული ხარჯებისაგან, ხოლო 30 კმ-მდე მანძილზე მივლინებისას, როდესაც შესაძლებელია სამუშაო (საცხოვრებელ) ადგილზე იმავე დღეს დაბრუნება, ანაზღაურდება მხოლოდ მგზავრობის ხარჯები.
„შესაბამის თანამდებობის პირს ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას ყოველდღიურად აგრეთვე მიეცემა ამ წესის №2 დანართით გათვალისწინებული სადღეღამისო ნორმის დანამატი. ამასთან, №2 დანართის შენიშვნის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ შესაბამის თანამდებობის პირებს აუნაზღაურდებათ ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივ მივლინებასთან დაკავშირებული კავშირგაბმულობის, ტრანსპორტის დაქირავებისა და წარმომადგენლობითი ხარჯები.
„სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის მოსამზადებლად ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებისას მოხელეს ასევე აუნაზღაურდება მივლინებასთან დაკავშირებული კავშირგაბმულობისა და ტრანსპორტის დაქირავების ხარჯები, ხოლო სამთავრობო დელეგაციის წევრებს – მივლინებასთან დაკავშირებული კავშირგაბმულობის ხარჯები,“-ვკითხულობთ დადგენილებაში.
დადგენილებით, პრეზიდენტის სადღეღამისო ნორმის დანამატი 300 დოლარის ეკვივალენტი შესაბამისი ვალუტით; ხოლო პრემიერ-მინისტრის სადღეღამისო ნორმის დანამატი - 150 დოლარის ეკვივალენტი შესაბამისი ვალუტით განისაზღვრა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის და პირველი მოადგილის მივლინების პირველ სამ დღეზე (თითოეულ ქვეყანაში) სადღეღამისო ნორმის დანამატი (თითოეულ დღეზე) კი შემდეგი ოდენობით განისაზღვრა: პარლამენტის თავმჯდომარისათვის – 230 ევროს ეკვივალენტით შესაბამის ვალუტაში; მისი პირველი მოადგილისათვის კი – 200 ევროს ეკვივალენტით შესაბამის ვალუტაში.
„საქართველოს პრეზიდენტის დაცვითი ღონისძიებების უზრუნველსაყოფად, ქვეყნის შიგნით მივლინებულ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს სადღეღამისო ხარჯებისა და საცხოვრებელი ფართობის დაქირავებისათვის ეძლევათ დღეში 50 ლარი, ხოლო მივლინებიდან დაბრუნების დღეს უნაზღაურდებათ მხოლოდ ამ დადგენილებით განსაზღვრული ქვეყნის შიგნით სამსახურებრივი მივლინების სადღეღამისო ხარჯების ნორმა.
„საქართველოს პარლამენტის წევრებისა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლების ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას სადღეღამისო ნორმის დანამატი განისაზღვროს დანართი №3-ის შესაბამისად.
„შესაბამისი საჯარო დაწესებულებისა და საქართველოს პარლამენტის წევრთა ან საქართველოს პარლამენტის აპარატის საჯარო მოხელეთა ერთობლივი წარმომადგენლობითი დელეგაციის სამსახურებრივი მივლინებისას სამივლინებო ხარჯები შესაძლებელია ანაზღაურდეს შესაბამისი საჯარო დაწესებულების მიერ წლიური საბიუჯეტო კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.
საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარისა და პრემიერ-მინისტრის ქვეყნის ფარგლებს გარეთ ვიზიტთან დაკავშირებით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საზღვარგარეთ მივლინებულ თანამშრომლებს ეძლევათ სადღეღამისო ნორმაზე დანამატი 30%-ის ოდენობით,“-ნათქვამია დადგენილებაში.