საქართველოში 2 000-მდე ბავშვი ქუჩაში ცხოვრებით და შრომით ირჩენს თავს, - ამის შესახებ „World Vision საქართველოს“ დირექტორმა, ეკა ჟვანიამ განაცხადა, ბავშვთა ექსპლუატაციის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის - „ეს არ არის ჩემი არჩევანი“ შესახებ საუბრისას.
ეკა ჟვანიას მონაცემებით, აღნიშნული 2 000 ბავშვიდან სახელმწიფოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების სარეაბილიტაციო სერვისებს მხოლოდ ის 800 ბავშვი იღებს, რომლებიც სოციალური სააგენტოს ბაზაში არიან რეგისტრირებულნი.
„World Vision საქართველო“ 10 წელიწადზე მეტია მიუსაფარი ბავშვების თემაზე მუშაობს. ზუსტად ამან განაპირობა, კამპანიის - „ეს არ არის ჩემი არჩევანი“ ფარგლებში, მიუსაფარი ბავშვების ფოკუსირება. ბავშვებს, რომლებსაც საზოგადოება მიუსაფარი ბავშვების ტერმინით ვიხსენიებთ, ყოველდღიურად ქუჩაში ცხოვრებით და მუშაობით უხდებათ თავის გატანა.
„World Vision საქართველო“ ბოლო 4 წლის განმავლობაში სახელმწიფო თანადაფინანსების ფარგლებში უზრუნველყოფს მიუსაფარ ბავშვთა სამი თავშესაფრის ადმინისტრირებას.
„ეს არ არის ჩემი არჩევანი“ კამპანიის ერთ-ერთი მიზანია, გავზარდოთ საზოგადოების ცნობიერება, რომ ქუჩაში ცხოვრება და შრომა არ წარმოადგენს მიუსაფარი ბავშვების პირად არჩევანს. მათ, როგორც ნებისმიერ ჩვენს შვილს, თავიანთი ოცნებები, შიშები და მისწრაფებები გააჩნიათ. საკანონმდებლო დონეზე გვსურს ვიმუშაოთ იმ კუთხით, რომ ქუჩაში ბავშვთა შრომა იდენტიფიცირებული იყოს როგორც ბავშვთა ექსპლუატაცია და სახელმწიფოს მხრიდან ამოქმედდეს სხვადასხვა პრევენციული მექანიზმი, ასევე - გაძლიერდეს სარეაბილიტაციო სამუშაოები ამ ბავშვებთან მიმართებაში“, - განაცხადა ეკა ჟვანიამ.
კამპანია - „ეს არ არის ჩემი არჩევანი“ გახსნეს საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დიმიტრი ხუნდაძემ და ადამიანის უფლებათა სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო კილაძემ.