შევთანხმდით, რომ აზიის განვითარების ბანკის მხრიდან ქვეყნის საინვესტიციო ლიმიტი 200 მლნ აშშ დოლარიდან 350 მლნ აშშ დოლარამდე გაიზრდება. ასევე, გაგრძელდება ბანკის მხარდაჭერა საქართველოში მიმდინარე რეფორმების მიმართ და მომზადდება საბიუჯეტო დახმარების ახალი სამწლიანი პროგრამა“, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტ ტაკეჰიკო ნაკაოსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც ფინანსთა სამინისტრო იუწყება, აღნიშნული შეხვედრა იაპონიის ქალაქ იოკოჰამაში შედგა, სადაც ამჟამად ბანკის წლიური საიუბილეო 50-ე ფორუმი მიმდინარეობს. მასში საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი მონაწილეობს, როგორც საქართველოს მხრიდან ბანკის მმართველთა საბჭოს წევრი.
პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, აღნიშნული საფინანსო ორგანიზაცია საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ფინანსური პარტნიორია.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმისა და მიმდინარე რეფორმების განხორციელების პროცესში აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერა. ესაა სივრცითი განვითარება, სადაც ბანკი აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ცალკეულ მონაკვეთებს აფინანსებს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ბანკის მხრიდან ისეთი რეფორმების მხარდაჭერა, როგორიცაა, საპენსიო, კერძო და საჯარო პარტნიორობის სისტემის ჩამოყალიბებისა და კაპიტალის ბაზრის განვითარების რეფორმები“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
მისი თქმით, სამივე მიმართულებით აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით მომზადდა შესაბამისი კანონპროექტები, რომლებიც განსახილველად მზადაა. ამავე დროს, არანაკლებ მნიშვნელოვანია მათი იმპლემენტაციის საკითხი.
„ჩვენ აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტთან შევთანხმდით, რომ მხარდაჭერა ამ მიმართულებითაც გვექნება“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
პირველმა ვიცე-პრემიერმა ასევე ყურადღება გაამახვილა აზიის განვითარების ბანკის მხრიდან ბიუჯეტის მხარდაჭერის პროგრამების დაფინანსების საკითხზე, რომელიც, მხარეთა შეთანხმებით, მომავალ წლებშიც გაგრძელდება.