აპრილში საწვავის იმპორტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8.9 ათასი ტონით გაიზარდა

მიმდინარე წლის აპრილში საწვავის იმპორტი საქართველოში 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8.9 ათასი ტონით ანუ 10,2%-ით; ხოლო 2017 წლის მარტთან შედარებით, 12,4 ათასი ტონით ანუ 14,8%-ით გაიზარდა.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ცნობით, ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა გასულ თვეში 96,0 ათასი ტონა შეადგინა. აქედან, ბენზინის საწვავის იმპორტმა 36,7 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 59,3 ათასი ტონა შეადგინა.

საწვავის კატეგორიების მიხედვით 2017 წლის აპრილში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი - 24,2 ათასი ტონა ანუ 65.9%; A-95 პრემიუმი მარკის ბენზინი - 11,6 ათასი ტონა ანუ 31.6%, A-98 სუპერი მარკის ბენზინი - 0,9 ათასი ტონა ანუ 2.5%. ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა: 50PPM (ევრო დიზელი) – 58,6 ათასი ტონა ანუ 98.8%, L-62 დიზელის საწვავი - 0,4 ათასი ტონა ანუ 0.7%, DT -0.3 ათასი ტონა ანუ 0.5 %.

ქვეყნების მიხედვით წინა თვეში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუმინეთიდან - 29.6 ათასი ტონა (მთელი იმპორტის 30,8%), აზერბაიჯანიდან 23.5 ათასი ტონა (24,5%), თურქმენეთიდან - 16.6 ათასი ტონა (17,3%), ბულგარეთიდან - 14.0 ათასი ტონა (14,6%), რუსეთიდან - 8.1 ათასი ტონა (8,4%), საბერძნეთიდან - 3,5 ათასი ტონა (3,6%), უკრაინიდან - 0,6 ათასი ტონა (0,6%) და სხვ.

რაც შეეხება სხვა ნავთობპროდუქტებს, 2017 წლის აპრილში საქართველოში იმპორტირებულ იქნა 6,8 ათასი ტონა სანავთობო ბიტუმი, რაც 0,2 ათასი ტონით ნაკლებია მარტის თვის მაჩვენებელთან შედარებით. აქედან უმეტესი წილი - 89,7 % განხორციელდა ირანის ისლამური რესპუბლიკიდან. საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა აპრილში შეადგინა 1,3 ათასი ტონა, რაც ფაქტიურად წინა თვის მაჩვენებლის ანალოგიურია. საავიაციო ნავთის იმპორტმა კი 12,0 ათასი ტონა შეადგინა, რაც მარტის მაჩვენებელს 8,5 ათასი ტონით აღემატება.