TIMSS-ის საერთაშორისო კვლევის თანახმად, 2015 წლის შედეგებით, ქართველი მოსწავლეების მიღწევები მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში არსებითად ჩამორჩება TIMSS-ის საერთაშორისო საშუალო ნიშნულს, როგორც მე-4, ისე მე-8 კლასში.
TIMSS მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნებში მოსწავლეთა მიღწევებს იკვლევს. საერთაშორისო და სახელმწიფო კვლევების პრეზენტაციას განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა დღეს გამართავს.
TIMSS- ის კვლევის თანახმად, მეოთხეკლასელ მოსწავლეთა 22% და მერვეკლასელთა 28% მათემატიკაში მინიმალურ ცოდნასაც არ ფლობს; ბუნებისმეტყველებაში იგივე შედეგი მეოთხეკლასელ მოსწავლეთა 26% და მერვეკლასელთა 30%-ს აქვს.
მეოთხე კლასიდან მერვე კლასამდე მოსწავლეთა შედეგები უარესდება.
კიდევ ერთი საერთაშორისო კვლევის -PISA- ს თანახმად, მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში საქართველოს მოსწავლეთა მიღწევის საშუალო მაჩვენებელი დაბალია. მოსწავლეთა ნახევარი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში საბაზო კომპეტენციებს არ ფლობს. PISA-ს სამიზნე ჯგუფი 15 წლის მოზარდები არიან და საფუძვლად უდევს წიგნიერების ზოგადი კონცეფცია. კვლევა არა მხოლოდ სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ცოდნას, არამედ პრაქტიკაში მის ინტეგრირებულად გამოყენებას აფასებს.
განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ საერთაშორისო კვლევების თანახმად, მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში საქართველოს 2015 წლის შედეგები წინა წლებთან შედარებით გაუმჯობესებულია, თუმცა პოზიტიური დინამიკის მიუხედავად, საქართველოს შედეგი საერთაშორისო საშუალო ნიშნულს ვერ აღწევს.
TIMSS-ის კვლევაში საქართველო 2007 წლიდან მონაწილეობს. ის ყოველ ოთხ წელიწადში ტარდება და მეოთხე და მერვე კლასებში მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში მოსწავლეთა მიღწევებს იკვლევს. მასში 600 000-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობს. PISA -ს საერთასორისო კვლევა სამ წელიწადში ერთხელ ტარდება და ამოწმებს რამდენად კარგად არიან მოსწავლეები მომზადებულები აქტიური და სრულფასოვანი საზოგადოებრივი ცხოვრებისთვის. PISA ამოწმებს ცოდნას სამ სფეროში: კითხვა, მათემატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები.