პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ ერთი ახალი საწარმო გაიხსნება

პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ ერთი ახალი საწარმო გაიხსნება.

როგორც ეკონომიკის სამინისტროდან იუწყებიან, „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში მხარდაჭერილი ბენეფიციარების რიცხვს კიდევ ერთი ბენეფიციარი კომპანია, შპს „ავაზა“ შეემატა, რომელიც პლასტმასის ნარჩენების, ჩამონაჭრებისა და ჯართის გადამუშავებას შეძლებს.

სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების (AA) თანახმად, საქართველომ აიღო ვალდებულება გარემოს დაცვის კუთხით ითანამშრომლოს შესაბამის ევროსტრუქტურებთან, რომლის შესრულებაშიც მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მყარი ნარჩენების გადამუშავებას. სწორედ, ხსენებული პროექტის საშუალებით ქ. ბათუმში, წერეთლის ქუჩა #4-ში გაიხსნება პლასტმასის ნარჩენების, ჩამონაჭრების და ჯართის წინასწარი დამუშავების საწარმო, რომელიც თავდაპირველ ეტაპზე 10 ადამიანის დასაქმებას შეძლებს.

„შპს „ავაზა“, რომელიც 2018 წლის იანვრის თვეში გაიხსნება, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს. პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 396 000 ლარს შეადგენს“, - აცხადებენ სამინისტროში.