საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ბელორუსის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს, ვასილი ჟარკოს შეხვდა.
როგორც მთავრობის ადმინისტრაცია იუწყება, მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობების ძირითადი საკითხები განიხილეს. გამოითქვა კმაყოფილება საქართველოსა და ბელორუსს შორის არსებული თანამშრომლობის მზარდი დინამიკის გამო. ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკური, სოფლის მეურნეობის, განათლების, ტურიზმის მიმართულებით არსებულ პოტენციალზე. ხაზი გაესვა მაღალი ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობას.
„მხარეებმა ისაუბრეს C ჰეპატიტთან ბრძოლის კუთხით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე - უსასყიდლოდ გადასცეს ბელორუსის რესპუბლიკის მთავრობას C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტი „სოვალდი". შეხვედრაზე ითქვა, რომ დღეს საქართველოში, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში, პაციენტთა მკურნალობა შემდეგი თაობის მედიკამენტით „ჰარვონით“ მიმდინარეობს. ამდენად, „სოვალდის“ დარჩენილი მარაგი ბელორუსის რესპუბლიკის მოსახლეობის მკურნალობას მოხმარდება“, - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.
მათივე თქმით, ბელორუსის ვიცე-პრემიერმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას მნიშვნელოვანი დახმარებისთვის.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელორუსის რესპუბლიკაში დავით კოტარია დაესწრნენ.