ღვინის საწარმო „მარანულში" წარმოებული ღვინო ევროკავშირში გადის ექსპორტზე

სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა კახეთის რეგიონის გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის მენეჯერმა , გიორგი ჯიბლაძემ გურჯაანის მუნიციპალიტეტში „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შექმნილი თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ღვინის საწარმო, შპს „მარანული“ დაათვალიერეს.

როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროდან იუწყებიან, შპს „მარანული“ 2015 წელს გაიხსნა.

საწარმოში, სადაც 100 ადამიანია დასაქმებული, წლიურად 300 ტონამდე ყურძნის გადამუშავება ხდება. წარმოებული 285.000 ბოთლი ღვინის რეალიზაცია ხორციელდება როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე ევროკავშირის ქვეყნებში.

სამინისტროს ინფორმაციით, კომპანია სახელმწიფო პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ბენეფიციარია. საწარმოში ჯამურად 3,350,000 აშშ დოლარი ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 600,000 აშშ დოლარს შეღავათიანი აგროკრედიტი შეადგენს.

უწყების ცნობით, 2013 წლიდან, ახალი საწარმოების შექმნის მიზნით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტო სხვადასხვა პროექტს ახორციელებს. პროექტების ფარგლებში შეღავათიანი სესხები გაიცემა როგორც ახალი საწარმოების შექმნისთვის, ასევე უკვე არსებულის გაფართოებისთვის. ამ ეტაპზე, პროექტის ფარგლებში უკვე დაფინანსდა 750 -ზე მეტი მოქმედი და 158 ახალი საწარმო, აქედან კახეთის რეგიონში 53 ახალი საწარმოა შექმნილი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

„სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „აწარმოე საქართველოში - ბიზნესის“ ფარგლებში, ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას, კონკურენტუნარიანობის ამაღლებას და მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.