2014 წლიდან მოყოლებული წყნეთის სამთავრობო აგარაკებიდან მხოლოდ 1 აგარაკი გაიყიდა. საუბარია 17 აგარაკზე, სადაც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების წევრები ოჯახებთან ერთად (მათ შორისაა უგულავას, სანდრა რულოვსის, მერაბიშვილისა და ბოკერიას აგარაკები) წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ.
ეს აგარაკები 2013 წლის შემდეგ ხელმისაწვდომია ნებისმიერისთვის, ვისაც მისი ქირაობის სურვილი და ფინანსური რესურსი აქვს. 2014 წლიდან კი ქონება უკვე საპრივატიზაციო ნუსხაში მოხვდა. თუმცა, აგარაკებიდან მხოლოდ ერთია გაყიდული და მათი იჯარით გაცემა გრძელდება.
რაც შეეხება ერთ გაყიდულ აგარაკს - ის თამაზ სომხიშვილმა გასულ წელს იყიდა. კერძოდ, მთავრობის 2016 წლის 27 ოქტომბრის განკარგულებით, დაბა წყნეთში მდებარე 8 226 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული რამდენიმე შენობა-ნაგებობა სომხიშვილს საკუთრებაში პირდაპირი მიყიდვის ფორმით 4 288 320 ლარად გადაეცა.
უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება სსიპ "ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ" დაადგინა.
1957 წელს დაბადებული თამაზ სომხიშვილი 50 ყველაზე მდიდარ ქართველს შორის სახელდება. სხვადასხვა წყაროს ცნობით, მისი ქონება ასეულობით მილიონ დოლარს აღწევს.
ქართველმა მილიონერმა საქართველო გასული საუკუნის 90-იან წლებში დატოვა და საცხოვრებლად რუსეთში გადავიდა, სადაც სხვადასხვა ბიზნესი წამოიწყო. მისი ბიზნესსაქმიანობა ძირითადად სოფლის მეურნეობას, ინდუსტრიულ სფეროსა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას მოიცავს.
თამაზ სომხიშვილი კომპანიებს ფლობს რუსეთში, ევროპასა და საქართველოში. ასევე არის საქართველოს ბიზნეს ასოციაციის სამეურვეო საბჭოს წევრი და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ფონდის დამფუძნებელი და პრეზიდენტი.