იაპონიის ქალაქ იოკოჰოამაში მიმდინარე აზიის განვითარების ბანკის (ADB) წლიური შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი იაპონიის პირველ ვიცე-პრემიერს ფინანსთა მინისტრ ტარო ასოს (Tarō Asō) შეხვდა.
როგორც ფინანსთა სამინისტროდან იუწყებიან, საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა იაპონიის მთავრობას მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ორი ქვეყნის ორმხრივი ურთიერთობები სამომავლოდ კიდევ უფრო გააქტიურდება.
აზიის განვითარების ბანკის წლიურ შეხვედრაში საქართველოს მხრიდან, ასევე, მონაწილეობენ საქართველოს ელჩი იაპონიაში ლევან ცინცაძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა და ინფრასტრუქტურისა და რეგიონული პოლიტიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი მატკავა.
„საქართველოსა და იაპონიას შორის ურთიერთობები ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში დინამიურად ვითარდება. მხარეები აქტიურად თანამშრომლობენ პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, საინვესტიციო, ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, ახალი ტექნოლოგიების დანერგვის, კულტურის, საგანმანათლებლო, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ტურიზმის სფეროებში. იაპონიის მთავრობის დახმარების პროგრამის Official Development Assistance of MFA (ODA) ფარგლებში, იაპონიის მხარის მიერ საქართველოში განხორციელდა მრავალი საგრანტო დახმარების პროგრამა, რომელიც მოიცავდა ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი დარგების რეაბილიტაციასა და განვითარებას. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, იაპონიის ტექნიკური თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) მეშვეობით, იაპონიის მხარის მიერ ხორციელდება ტექნიკური თანამშრომლობის დახმარების პროგრამები, არასაპროექტო გრანტებისა და შეღავათიანი სესხების გამოყოფა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, სააგენტოს მიერ ერთ-ერთ წარმატებულ პროექტებს შორისაა აღმოსავლეთ-დასავლეთის გზატკეცილის - ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის გზის რეაბილიტაცია - The East-West Highway Improvement Project.
„პროექტის განხორციელება 2012 წელს დაიწყო, ამ პროექტისთვის JICA-ს მიერ გამოყოფილმა სესხმა, დაახლოებით, 190 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. JICA ასევე განახორციელებს 230 მლნ აშშ დოლარის მოცულობის ინვესტირებას რიკოთის მონაკვეთზე ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობაში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური 50-ე საიუბილეო ფორუმი იოკოჰამაში იაპონიის მთავრობის მხარდაჭერით ტარდება.