ახალი ზოოპარკის მშენებლობისთვის დაახლოებით 40 მილიონი დოლარია საჭირო, - ამის შესახებ ზოოპარკის დირექტორმა, ზურაბ გურიელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“ზუსტი ციფრის დასახელება ძალიან გამიჭირდება, მაგრამ დაახლოებით 40 მილიონი დოლარია საჭირო, რომ ახალი საერთაშორისო კლასის ზოოპარკი ავაშენოთ. ჩვენ მივიღეთ გრანტი ”გერმანიის თანამეგობრობის საზოგადოებიდან”, რომლის მეშვეობითაც აღვადგინეთ ვოლიერები. ახალი ვოლიერები ავაშენეთ დათვების, მგლების, ნიამორების და ირმებისთვის. ასევე, გაიზარდა ჩვენი ბიუჯეტი, რომელიც ახალი ვოლიერების მშენებლობას მოხმარდება”, - განაცხადა ზოოპარკის დირექტორმა.
გურიელიძის თქმით, ზოოპარკის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენება პრობლემას არ წარმოადგენს.
”ზოოპარკის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენება თუ მიზანშეუწონელია, მაშინ რატომ ცხოვრობს ხალხი იქ. მსოფლიოში უამრავი საუკეთესო ზოოპარკები არსებობს აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიებზე. თბილისის ზოოპარკთან დღეს უფრო მეტი ხმაურია, ვიდრე ახალი ზოოპარკის ტერიტორიაზე შეიძლება იყოს”, - განაცხადა ზურაბ გურიელიძემ.