საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა საერთაშორისო და სახელმწიფო კვლევების შედეგად არსებულ ვითარებას “რთულს” უწოდებს.
ალექსანდრე ჯეჯელავამ დღეს ჟურნალისტებს TIMSS-ისა და PISA-ს საერთაშორისო კვლევებისა და სახელმწიფო შეფასების ძირითადი მიგნებები გააცნო.
ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, პროგრესი შეიმჩნევა, თუმცა საერთაშორისო კვლევებში საქართველოს მაჩვენებელი საშუალოზე მნიშვნელოვნად დაბალია. რაც შეეხება სახელმწიფო შეფასებას, აქ გამოიკვეთა დიდი სხვაობა სოფელსა და ქალაქს შორის, ეთნიკურ უმცირესობებსა და ქართულენოვან სკოლას შორის, ასევე კერძო და საჯარო სკოლებს შორის.
“ვითარება არის რთული. ჩვენ მნიშვნელოვნად ჩამოვრჩებით იმ ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს, რომლებიც ამ კვლევებში მონაწილეობენ. კვლევებში დაახლოებით 60-70 ქვეყანა მონაწილეობს. ერთ-ერთ კვლევაში 30-ე ადგილზე ვართ, ხოლო მეორეში 58-ე ადგილს ვიკავებთ. შესაბამისად, ამ ამბავში ბევრი არაფერია სასიხარულო, მთავარია დავფიქრდეთ, კონკრეტულად რა უნდა გავაკეთოთ. ძალიან სამწუხაროა ის დიდი განსხვავება, რაც ჩვენი ქვეყნის შიგნით ჩანს. მაგალითად, სოფლისა და ქალაქის სკოლებს შორის, კერძო და საჯარო სკოლებს შორის, ასევე ეთნიკური უმცირესობებისა და ქართულენოვან სკოლებს შორის დიდი სხვაობაა, ეს ნიშნავს, რომ ძალიან ოპერატიულად გვაქვს ამ საკითხებზე ყურადღება გასამახვილებელი”, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
მინისტრმა ამ მიმართულებით განსახორციელებელ ღონისძიებებზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა მცირე სკოლების გაძლიერების, მასწავლებლების გაძლიერების, ადმინისტრაციისა და დირექტორების მოტივაციის, კვალიფიკაციის და კომპეტენციის ზრდის მნიშვნელობაზე. ამასთან ერთად მინისტრმა პედაგოგების კვალიფიკაციის, სახელმძღვანელოების, ინფრასტრუქტურულ საკითხებთან დაკავშირებულ თემებზე ისაუბრა.
მისივე თქმით, ერთი თვის შემდეგ, ივნისში მასშტაბური კონფერენცია გაიმართება, სადაც ძირითად მიგნებებს მოუყრიან თავს.