20 კვალიფიციური პარტიიდან დაახლოებით, 13-14 პარტია სულ 30 კაცს აერთიანებს და ეს 30 კაცი მილიონიან დაფინანსებას იღებს ბიუჯეტიდან , - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ქუთაისში, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაზე საარჩევნო ბლოკების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
რაც შეეხება ბლოკების გაუქმებას, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავარი არგუმენტი არის ის, რომ პარტიული სისტემა ვერც ერთ შემთხვევაში ვერ შედგება, თუ ბლოკის ინსტიტუტი არ გაუქმდება.
„მეორეხარისხოვან არგუმენტსაც გეტყვით, რაც შეეხება დაფინანსებას და სხვა პრივილეგიის მოპოვებას, საქართველოში არის 20 ე.წ. კვალიფიციური პარტია. შემიძლია მარტივად გკითხოთ, რამდენ პარტიას ჩამომითვლით საქართველოში. ბუნებრივია, ერთ ათეულს ვერც ერთ შემთხვევაში ვერ გადასცდებით. რეალურად გვაქვს შემდეგი სურათი, რომ არის 20 პარტია, რომელთაგან ყველა იღებს სახელმწიფო დაფინანსებას, ანუ თქვენს ფულს. გარდა ამისა, აქვთ სხვა პრივილეგიები, როგორიცაა - უფასო საეთერო დრო, რომელიც ასევე ფულთანაა დაკავშირებული. წარმომადგენლები საარჩევნო კომისიაში“, - განაცხადა კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ რამდენიმე პარტია ჩამოთვალა და დამსწრე საზოგადოებას შეეკითხა, თუ იყო მათთვის ცნობილი, აღნიშნული პარტიების შესახებ. ამ კონტექსტში ირაკლი კობახიძემ დაასახელა „საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია“, რომელიც ბიუჯეტიდან წელიწადში 800 000 ლარს დაფინანსებას იღებს, „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“, სამოქალაქო პლატფორმა „ახალი საქართველო“ და სხვა პარტიები.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, საუბარია მილიონებზე, რომლებიც საქართველოში ბიუჯეტიდან „ფიქტიურ პარტიებზე“ იხარჯება.
„თუმცა მთავარი სიმახინჯე, რაც დაკავშირებულია ბლოკების ინტიტუტთან, მდგომარეობს იმაში, რომ გადამწყვეტ დაბრკოლებას უქმნის საქართველოს პარტიული სისტემის განვითარებას და დამატებით არის ის პრობლემა, რომ ხდება სახელმწიფო სახსრების უკანონოდ მითვისება რამდენიმე კაცის მიერ. 20 კვალიფიციური პარტიიდან რეალურად დაახლოებით, 13-14 პარტია სულ 30 კაცს აერთიანებს და ეს 30 კაცი იღებს მილიონიან დაფინანსებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან თქვენს ხარჯზე. თუ გინდათ, დავტოვოთ და შევუნარჩუნოთ ვიღაცას დაფინანსება თქვენს ხარჯზე, ბლოკის ინსტიტუტის შენარჩუნებას არანაირი ახსნა და გამართლება არ აქვს“, - განაცხადა კობახიძემ.