დიმიტრი ქუმსიშვილი აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტსა და ბანკის გენერალურ დირექტორს შეხვდა

პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტსა და ბანკის გენერალურ დირექტორს შონ ო’სალივანს შეხვდა.

როგორც ფინანსთა სამინისტროდან იუწყებიან, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აზიის განვითარების ბანკი საქართველოში არა მხოლოდ აღმოსავლეთ-დასავლეთის, არამედ სამხრეთ-ჩრდილოეთის საგზაო სატრანზიტო ინფრასტრუქტურის განვითარებას უჭერს მხარს.

„შეხვედრაზე დიდი მნიშვნელობა მიენიჭა აღნიშნული მიმართულების განვითარებას, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს აღნიშნული სატრანსპორტო მიმართულებით ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობას. ქართულმა მხარემ აზიის განვითარების ბანკის ხელმძღვანელებს ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობის შეხედულებები გააცნო. კერძოდ, საუბარია თბილისი-ლარსის მიმართულების განვითარებაზე, რომელიც მოიცავს მლეთა-კობის გვირაბს. პროექტის ღირებულება 450 მლნ აშშ დოლარია. შეხვედრის დასასრულს, ქართულმა მხარემ იმედი გამოთქვა, რომ მოლაპარაკებები აზიის განვითარების ბანკთან წლის ბოლომდე დადებითად დასრულდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.