ეკონომიკის ექსპერტი დავით ასლანიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ეროვნული ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის გაზრდაზე წერს.
"ბიზნესპრესნიუსი" დავით ასლანიშვილის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
"როგორც ცნობილია, ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე კვირიდან გაზარდა რეფინანსირების განაკვეთი 7%-ზე.
მიუხედავად ამისა, საბანკო ოლიგოპოლიის მხრიდან რეფინანსირების სესხზე გასულ კვირასთან შედარებით მოთხოვნის 100 მლნ-ზე მეტი ლარით გაზრდა შეინიშნება. (ე.ი. 27 აპრილს რვა ბანკის განაცხადების ჯამმა შეადგინა 1,26 მლრდ. ლარი, ხოლო 4 მაისს შვიდი ბანკისგან – 1,37 მლრდ. ლარი).
მართალია, გასულ კვირასთან შედარებით ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების პირამიდა კვლავ 1,2 მლრდ.ლარზე დატოვა - ე.ი. არ გაზარდა, რაც რა თქმა უნდა მისასალმებელია, მაგრამ ის ფაქტიც უნდა დავაფიქსიროთ, რომ უფრო მაღალი განაკვეთის მიუხედავად, საბანკო ოლიგოპოლიას უფრო მეტი რეფინანსირების სესხი დასჭირდა მიმდინარე კვირაში გასულ კვირასთან შედარებით.
ამასთანავე, რეფინანსირების აუქციონზე დაფიქსირდა 7,25 პროცენტი წლიური, ანუ გაცემული სესხის საპროცენტო განაკვეთი უკვე აჭარბებს ეროვნული ბანკის გაცხადებულ მაჩვენებელს - 7%.
ე.ი. ფაქტიურად მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებამ ვერავითარი გავლენა ვერ მოახდინა კომერციულ ბანკებში მოკლევადიანი ლიკვიდობის დეფიციტის შემცირებაზე.
რატომ არის მოკლევადიანი ლიკვიდობის დეფიციტი და ამ ინსტრუმენტზე მოთხოვნა ასე მაღალი კომერციულ ბანკებში?
ახლა ყოველგვარი ემოციის გარეშე, უფრო ჩავუღრმავდეთ, თუ რატომ სურდა საბანკო ოლიგოპოლიას 4 მაისს უფრო მეტი რეფინანსირების რესურსის მიღება.
იანვარში ერთ–ერთ სატელევიზო დებატში ეროვნული ბანკის წარმომადგენელმა ბატონმა გიორგი ბაქრაძემ აღნიშნა, რომ რეფინანსირებაზე მოთხოვნას იწვევს:
1) სამთავრობო ოპერაციები;
2) ნაღდი ფულით საბანკო არხების უზრუნველყოფა;
3) მსხვილი ტრანზაქციები სავალუტო ბაზარზე.
ეროვნული ბანკი მეტი კონკრეტიკისგან თავს იკავებს. თუნდაც ამ სქემის მიხედვით: - 27 აპრილიდან 4 მაისამდე ფინანსთა სამინისტროს ხაზინის ნაშთი გაზრდილია 90 მლნ. ლარით, ე.ი. საბიუჯეტო დისციპლინა კვლავ მაღალ დონეზეა, მთავრობა ხარჯავს ეკონომიურად და ამიტომ სამთავრობო ოპერაციები ვერ გამოიწვევდა რეფინანსირების სესხზე მოთხოვნის გაზრდას. - 27 აპრილიდან 4 მაისამდე მიმოქცევაში ნაღდი ფული გაზრდილია 1 მლნ. ლარით, რაც 110 მლნ ლარით რეფინანსირების სესხზე მოთხოვნის გაზრდას ვერ გამოიწვევდა.
მივდივართ ისევ სავალუტო ბაზართან : 13–27 აპრილს ყველამ ვნახეთ სავალუტო ბეზპრეძელის ჯერჯერობით ბოლო სერია, როცა ორი კვირის განმავლობაში ლარის კურსი 2.37–2.49 შორის საათობრივად ხან ფრინავდა, ხან ყვინთავდა – ლარის კურსი არ იყო თავისუფალი, მაგრამ იყო უმართავი.
შესაბამისად, უპასუხისმგებლოა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ბატონი კობა გვენეტაძის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ გაცვლითი კურსი საქართველოში არის თავისუფლად მცურავი. უფრო სწორედ, გაცვლითი კურსი რამდენადაც თავისუფალია საბანკო ოლიგოპოლიისთვის, იმდენად დახურულია ქვეყნის ეკონომიკისათვის. ეს ნიშნავს, რომ საბანკო ოლიგოპოლიას აქვს სრული კარტბლანში იმისთვის რომ თავად შეძლოს უცხოური ვალუტის შეძენა მაქსიმალურად დაბალ კურსში, ხოლო კლიენტებისათვის მიწოდება მოახდინოს– მაქსიმალურად მაღალ კურსში.
თუ ლარის კურსი თავისუფალია, 2016 წლის შემოდგომაზე რატომ განახორციელა გაყიდვის ინტერვენციები ეროვნულმა ბანკმა და რატომ იჭერდა ეროვნული ბანკი ლარის კურსს ხელოვნურად 2.3–ზე?
რატომ არ გაუშვეს თავისუფლად 2.5–მდე და შემდეგ რატომ გაუშვეს ლარის კურსი 2.8–მდე, მას შემდეგ, რაც თიბისი ბანკმა რესპუბლიკა–ბანკის შეძენა დაასრულა?
სწორედ სავალუტო სპეკულაციები წარმოადგენს იმის ძირითად მიზეზს, თუ რატომ გაიზარდა რეფინანსირების პირამიდა უკანასკნელი ათი თვის განმავლობაში და ამ სქემით გამოიმუშავა საბანკო ოლიგოპოლიამ ზემოგებები".