ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება აიკრძალება

ფსიქოაქტიური ნივთიერებების ქიმიური სტრუქტურის უმნიშვნელო ცვლილებით მიღებული ნივთიერება, კრიმინალიზებულია.

"ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ" - ასე ეწოდება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტს, რომელიც პარლამენტს უკვე წარედგინა.

პროექტის თანახმად, იკრძალება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება, საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანა ან უკანონოდ გატანა. პარალელურად, ცვლილებები შედის "სისხლის სამართლის კოდექსში" და ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან დაკავშირებული ქმედებები სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება.

კანონპროექტის თანახმად, გამონაკლისს წარმოადგენს სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი, საექსპერტო და კრიმინალისტიკური საქმიანობისათვის ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა გამოყენება, საქართველოს ტერიტორიაზე მათი შემოტანა ან გატანა. ნებართვებზე გავრცელდება ბრუნვისთვის მკაცრად შეზღუდული, ნარკოტიკული საშუალებებზე დადგენილი წესი.

კანონპროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია სამი დანართი. პირველ დანართში ჩამოთვლილია ის ცალკეული ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები, რომლებიც არ მიეკუთვნება არც ერთ კრიმინალიზებულ ქიმიურ ნაერთთა კლასს. მეორე დანართში მოცემულია ქიმიურ ნივთიერებათა ქიმიურ ნაერთთა კლასები, ხოლო მესამე დანართი წარმოადგენს მეორე დანართში მოცემულ ნივთიერებათა ქიმიური სტრუქტურის მაგალითებს.

პროექტის თანახმად, ერთმანეთისგან იმიჯნება ერთი მხრივ, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები და მეორე მხრივ, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებები და ფარმაცევტული პროდუქტები. ამ უკანასკნელებზე კონტროლის სხვა რეჟიმი ვრცელდება და შესაბამისად, წარმოდგნილი პროექტის მოქმედების ფარგლებში არ ექცევა.

ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გავრცელების აღსაკვეთად შეიქმნება სამუშაო ჯგუფი შინაგან საქმეთა, ჯანდაცვის და ფინანსთა სამინისტროების წარმომადგენელთა შემადგენლობით.

კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღად განსაზღვრულია 2014 წლის 1 მაისი.

"ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების არალეგალური ბრუნვა დიდ გამოწვევას წარმოადგენს თანამედროვე მსოფლიოს სამართალდამცავი და ჯანდაცვის ორგანოებისათვის. ისინი ბაზარზე ძირითადად გვხვდება აბაზანის მარილების, სხვადასხვა ბალახის ნარევების და სხვა მსგავსი სახით. მათ იყენებენ ნარკოტიკული თრობის მისაღებად. ნარკოლოგების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახად, საქართველოში თითქმის ყოველდღე ხდება კომის მდგომარეობაში მყოფი მოზარდებისა და ახალგაზრდების კლინიკაში გადაყვანა, რასაც სწორედ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარება იწვევს", – განმარტავს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

უწყების შეფასებით, მომზადებული კანონპროექტი მათ საშუალებას მისცემს, საზღვარზე შეჩერდეს ცალკეული ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების, ისევე როგორც ქიმიურ ნაერთთა კლასების შემცველი მინარევების ქვეყნის ტერიტორიაზე უკონტროლო შემოდინება.