თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიგრაშენში აჭარიდან ჩასახლებული ეკომიგრანტების, ტარიელ გინდაძისა და შორენა მელაძის ოთხსულიანი ოჯახი, საბერძნეთიდან სოფელში დაბრუნებულმა სახლის მეპატრონემ სამართალდამცავების დახმარებით გამოასახლა. ტარიელ გინდაძე აჭარიდან სოფელ ჯიგრაშენში 2007 წელს ჩამოსახლებული ეკომიგრანტია.
როგორც ირაგის თემის რწმუნებულმა ამირან მარგველანმა განაცხადა, ტარიელ გინდაძემ ოჯახთან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად, წუხელ სიმამრის ოჯახს შეაფარა თავი. გამოსახლების საფრთხე, გინდაძის ოჯახთან ერთად, ირაგის თემში ჩასახლებულ სხვა ეკომიგრანტებსაც ემუქრებათ. საბერძნეთიდან დაბრუნებული მეპატრონეები მათგან სახლების დაცლას ან ყიდვას მოითხოვენ, ეკომიგრანტებს კი სახლის ყიდვის ფული არა აქვთ.
,,ტარიელ გინდაძე ოჯახთან ერთად, ჯიგრაშენში წლების წინ ჩამოსახლდა. მას სახლის მეპატრონისთვის 3 000 ამერიკული დოლარი ჰქონდა გადახდილი, მეპატრონე ცოტა ხნის წინ, საბერძნეთიდან დაბრუნდა და ოჯახს ან 10 000 ევროს გადახდა ან კიდევ სახლის დაცლა მოსთხოვა. გინდაძეების ოჯახი სოციალურად დაუცველია, ორი მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავთ, თავად ტარიელ გინდაძე მძიმე სენითაა დაავადებული და ბუნებრივია, მათ 10 ათასი ევრო ფიზიკურად არა აქვთ, რომ სახლის მეპატრონეს მისცენ. აქედან გამომდინარე, წუხელ გვიან ღამით სახლი დაცალეს და სიმამრს შეაფარეს თავი, თუმცა მისი სიმამრიც ეკომიგრანტია და მასაც დღე-დღეზე გამოსახლება ემუქრება. ჩვენ საქმის კურსში ჩავაყენეთ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო, ძალიან რთული სიტუაციაა შექმნილი“, - განაცხადა ირაგის თემის რწმუნებულმა.
მისივე თქმით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ირაგის თემში შემავალი შვიდი სოფლიდან, ეკომიგრანტები ოთხ სოფელში: ივანოვკა, ჯიგრაშენი, დიდი ირაგა და პატარა ირაგაში არიან ჩასახლებულნი. მთლიანობაში 71 ოჯახია და სამინისტროს საცხოვრებელი სახლი დღეისათვის მხოლოდ ოთხი ოჯახისთვის აქვს შეძენილი, დანარჩენებს კი გამოსახლების საფრთხე ყოველდღე ემუქრება.