საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მიმდინარე და სამომავლო პროექტები განიხილეს შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ბანკის აღმასრულებელ დირექტორ, მეთიუ ფოქსთან გამართა , - ამის შესახებ ფინანსთან სამინისტროდან იუწყებიან.
მათი ინფორმაციით, შეხვედრას, რომელიც აზიის განვითარების ბანკის წლიური 50-ე ფორუმის ფარგლებში გაიმართა, ბანკის ალტერნატიული აღმასრულებელი დირექტორი სქოთ დოუსონი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მატკავა დაესწრნენ.
„შეხვედრაზე საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ვრცლად ისაუბრა საქართველოში არსებულ ეკონომიკურ ვითარებასა და დადებით ტენდენციებზე, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარეობს. გარდა ამისა, მან ყურადღება გაამახვილა მთავრობის 4-პუნქტიან გეგმასა და იმ რეფორმებზე, რომლებიც ამ გეგმის ფარგლებში ხორციელდება. აქცენტი გაკეთდა აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერაზე, რომელიც აღნიშნული რეფორმების განხორციელებისკენ არის მიმართული.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სივრცითი განვითარების რეფორმის ფარგლებში, დაგეგმილი საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროექტებზე. მათ შორის, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალსა და თბილისი-ლარსის გზის პროექტებზე, რომლებიც აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით განხორციელდება.
ასევე, ყურადღება გამახვილდა საბიუჯეტო დახმარების პროგრამაზე, რომელიც მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იქნება მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის განხორციელების პროცესში.
შეხვედრაზე ბანკის წარმომადგენლებმა საქართველოს დელეგაციას ეკონომიკური რეფორმების განხორციელების პროცესში სრული მხარდაჭერა აღუთქვეს“, - აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციაში.