კომერციული ბანკების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრისა და დაკისრების წესში ცვლილებები შევიდა. აღნიშნულ ბრძანებას საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ხელი 5 მაისს მოაწერა.
ბრძანების თანახმად, კომერციული ბანკი მომხმარებელთა უფლებების დაცვის თაობაზე ეროვნული ბანკის წერილობითი მითითებებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში 1 000 ლარით დაჯარიმდება. ბანკი დარღვევის თითოეულ ფაქტზე ათასი ლარით დაჯარიმდება.
„კომერციული ბანკების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრისა და დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 25 დეკემბრის №242/01 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის პუნქტი: მომხმარებელთა უფლებების დაცვის თაობაზე ეროვნული ბანკის წერილობითი მითითებებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის გამოვლენა გამოიწვევს ბანკის დაჯარიმებას 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით ასეთი მოთხოვნების დარღვევის თითოეულ ფაქტზე. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე,“ - ნათქვამია ბრძანებაში.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის დამტკიცების შესახებ მიმდინარე წლის 1 ივნისიდან ამოქმედდება.
თაია არდოტელი