საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა და განვითარების ახალი ბანკის (New Development Bank) ხელმძღვანელობამ საქართველოში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ისაუბრეს , - ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროდან იუწყებიან.
მათი ცნობით, შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოს ეკონომიკურ მაჩვენებლებზე, აგრეთვე მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმისა და მის ფარგლებში მიმდინარე ეკონომიკურ რეფორმებზე.
„ისაუბრეს მათ შორის, სივრცითი განვითარების მიმართულებით, რომელიც საქართველოში მნიშვნელოვანი საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობას ითვალისწინებს. ბანკის მხრიდან გამოითქვა დიდი დაინტერესება, უფრო აქტიური მონაწილეობა მიიღონ აღნიშნულ პროცესში.
შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ საქართველოს ელჩი იაპონიაში ლევან ცინცაძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მატკავა“, - აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციაში.