სენაკელმა მოსწავლეებმა მაღალი და დაბალი ტემპერატურისაგან დამცავი ჯავშანის შექმნით, NASA-ში გამართულ ერთ კონკურში 1-ლი ადგილი, ხოლო მეორეში - მე-3 ადგილი დაიკავეს.„წმ. ალექსი შუშანიას სახელობის“ სენაკის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეები რამდენიმე დღეა NASA-ში იმყოფებიან.
მე-8 კლასის ხუთი მოსწავლისგან შემდგარი გუნდი Smart Kids აშშ-ში, ჰიუსტონში, NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამაში იღებს მონაწილეობას.
აღსანიშნავია, რომ სენაკელი მოსწავლეები ამ საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილე პირველი ქართველები არიან.
პროგრამაში მონაწილეობისა და NASA-ში გამგზავრების შესაძლებლობა მათ „ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი 2017“-ში გამარჯვების შედეგად მიიღეს. კონკურსში 88 სკოლა მონაწილეობდა და 13 ფინალისტ გუნდს შორის, პროექტით „გეოლოგიური საფრთხეები“ პირველი ადგილი სწორედ სენაკელმა მოსწავლეებმა დაიკავეს. რაც შეეხება პროექტს, მოსწავლეების გამოიგონეს ხელსაწყო, რომელიც მეწყერის მოახლოების შეტყობინების საშუალებას იძლევა.
„მეწყერის პროგნოზირებადი მეწყერსაშიში ზონებისთვის ხელსაწყო შეტყობინების სისტემას წარმოადგენს. მოცემული პრობლემის გადასაწყვეტად გამოყენებულია ჰოლის ეფექტზე დამყარებული მეთოდი. შედეგად, მიღებულია მაღალი მგრძნობელობა, სიზუსტე და საიმედოობა. ასეთი სისტემის აწყობა, წარმოება და დანერგვა საქართველოში მარტივად შესაძლებელია, რაც ცხადია, ხარჯეფექტიანია სახელმწიფოსთვის. აღსანიშნავია, რომ აპარატის ანალოგი არ არსებობს. სენაკელი მოსწავლეების მიერ შექმნილმა სენსორულმა აპარატმა უკვე დიდი დაინტერესება გამოიწვია მეცნიერთა შორის. მისი უსასყიდლოდ გადაცემა და დანერგვა უკვე განსაზღვრულია ნოქალაქევის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე,“- ვკითხულობთ „ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის“ „ფეისბუქ“ გვერდზე.
„ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი 2017“-ის ფინალი 27 თებერვალს გაიმართა.