საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) აღმასრულებელ დირექტორს, რემი რაიოქსს შეხვდა.შეხვედრაზე, რომელიც აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს 50-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში გაიმართა, დიმიტრი ქუმსიშვილმა და რემი რაიოქსმა საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
როგორც ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურიდან იუწყებიან, პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა საფრანგეთის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებს საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმა და მიმდინარე ეკონომიკური რეფორმები გააცნო.
შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი. როგორც ცნობილია, ახლახან, საფრანგეთის განვითარების სააგენტომ თბილისში გახსნა წარმომადგენლობითი ოფისი. ამ ეტაპზე AFD-სთან მიმდინარეობს კონსულტაციები საქართველოსთვის რესურსის გამოყოფის თაობაზე ბიუჯეტის მხარდამჭერი პროგრამისა და წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა/რეაბილიტაციის მიმართულებით.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, განსაკუთრებით პერსპექტიულია პარტნიორობა ტურიზმის, კურორტების განვითარების მიმართულებით.
საფრანგეთის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრას ასევე, დაესწრნენ საქართველოს ელჩი იაპონიაში ლევან ცინცაძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მატკავა.