"მხარდამჭერი ტექსტის ასახვა და საქართველოსთვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფა აშშ-ს ურყევ მხარდაჭერას ადასტურებს"

მხარდამჭერი ტექსტის ასახვა და საქართველოსთვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფა კიდევ ერთხელ ადასტურებს ამერიკის შეერთებული შტატების ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი , - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით, ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში.

”მხარდამჭერი ტექსტის ასახვა და საქართველოსთვის დამატებით დაფინანსების გამოყოფა კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ს ურყევ მხარდაჭრას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი. ასევე ჩვენს ორმხრივ მჭიდრო თანამშრომლობას. ეს არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში. კანონში საქართველოს მხარდამჭერი ტექსტი სათაურით ”საქართველოს ტერიტორიების აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია” რუსეთის აგრესიის ქვეთავის ქვეშ ექცევა. ტექსტის თანახმად, ხსენებული კანონით გამოყოფილი დაფინანსებით ვერ ისარგებლებს ვერც ერთი ქვეყნის ცენტრალური მთავრობა, თუ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი დაადგენს და ასიგნებების კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს იმის თაობაზე, რომ აღნიშნულმა ქვეყანამ აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა, ან მათთან დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები”, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა საკანონმდებლო აქტს, რომლითაც პირველად მოხდა აშშ-ს კანონით საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების, რუსეთის მიერ ოკუპირებულად აღიარება.