საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გადაიხედება Booking.com-ის ვებ-გვერდის ყველა ტექნიკური ხარვეზი, რაც აფხაზეთის, როგორც ქვეყნის, რაიმე ფორმით ხსენებას უკავშირდება და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად გასწორდება.
როგორც უწყებაში განმარტავენ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო წლებია მუშაობს კომპანია Booking.com-თან. ამ ძალისხმევის შედეგად, ვებ-გვერდის 40-მდე სხვადასხვაენოვან ვერსიაში, search-ის ფუნქციაში ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონსა და მის ყველა ქალაქს გვერდით საქართველო მიეთითა. ეს ფუნქცია გასასწორებელი მხოლოდ რამდენიმე ენაზე დარჩა.
”კომპანიასთან მუშაობის შედეგად, ახლახან შევთანხმდით, რომ კიდევ ერთხელ გადაიხედება ვებ-გვერდის ყველა ტექნიკური ხარვეზი, რაც აფხაზეთის, როგორც ქვეყნის რაიმე ფორმით ხსენებას უკავშირდება და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად გასწორდება.
ამავე მიმართულებით ვმუშაობთ კომპანია Airbnb-სთანაც. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს ყველა შემთხვევაზე, როცა ამა თუ იმ ვებ-გვერდზე საქართველოს ოკუპირებული რეგიონები მოცემულია ქვეყნების ჩამონათვალში. უმეტეს შემთხვევებში, ეს არის ტექნიკური ხარვეზი. სწორედ ამიტომ ყველა იმ შემთხვევაში, როცა უწყება უკავშირდება კომპანიებს, ისინი ვებგვერდზე არსებულ ხარვეზებს ასწორებენ. ცხადია, არ იგულისხმება რუსული ვებ-გვერდები”, - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.