"ჭარბვალიანობის გამო, მოსახლეობაზე ეკონომიკის ზრდა დადებითად არ აისახება"
ფასების საერთო დონის ზრდა (6,1%) ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელს (4,0%) უკვე საგრძნობლად აჭარბებს. "საქსტატის" ბოლო მონაცემებით, ფასები ყველაზე მეტად გაიზარდა სურსათზე, ალკოჰოლურ და უალკოჰოლო სასმელებსა და თამბაქოზე. მართალია, საწვავის ფასი აპრილში არ გაზრდილა, პირიქით, შემცირდა კიდეც, მაგრამ აქციზითა თუ ლარის კურსით განპირობებული საწვავის მანამდე გაძვირება უკვე აისახა ბევრი პროდუქტისა და მომსახურების ფასში. ეროვნული ბანკი, ინფლაციის ზრდის მოსალოდნელი რისკებისგან დასაცავად, ფულს აძვირებს (გაზარდა რეფინანსირების განაკვეთი), რაც ნიშნავს, რომ ფასების საერთო დონის ზრდა კიდევ მოსალოდნელია. ეკონომისტების ნაწილი ზაფხულისთვის გაზის ტარიფის ზრდასაც ელოდება და ამ ფონზე გააქტიურდა საუბარი, რომ გაზის გაძვირებამ შესაძლოა პირველადი მოხმარების მთელი რიგი პროდუქტების, მათ შორის, პურის ფასის ზრდაც გამოიწვიოს. რატომ ვერ აჩერებს მთავრობა ფასების ზრდას? - ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი მიხეილ დუნდუა გვესაუბრება.
- მაღალი დოლარიზაციის პირობებში, როცა შიდა მოხმარება მნიშვნელოვნად არის იმპორტზე დამოკიდებული, დოლარის მიმართ ლარის კურსის დასუსტება ფასების ზრდის კატალიზატორია. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო 3 წელიწადში საგრძნობლად შეიცვალა სამომხმარებლო კალათის სტრუქტურა - მკვეთრად არის მომატებული ავტომობილებისა და საწვავის მოხმარება. შედარებისთვის, 2011-2013 წლებში ადგილობრივი მოხმარებისთვის განკუთვნილი ავტომობილების იმპორტის მოცულობა 50 მილიონ დოლარამდე იყო. 2014 წელს მოხმარებამ მკვეთრი ზრდა დაიწყო, 2015-2016 წლებში კი წელიწადში 300 მილიონი დოლარი შეადგინა; ანუ შიდასამომხმარებლო ავტოიმპორტი დოლარში 5-6-ჯერ(!) გაიზარდა. ქვეყნიდან ასეულობით მილიონი დოლარი გავიდა და ლარის კურსსაც მძიმედ დააწვა.
მთავრობამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როცა გაზარდა აქციზი ავტომობილების იმპორტსა და საავტომობილო საწვავზე. ეს ღონისძიებები იმისკენ არის მიმართული, რომ შეიცვალოს სამომხმარებლო კალათის სტრუქტურა, შენელდეს ვალუტის გადინება და გაიზარდოს ეროვნული დანაზოგები, რაც შიდა ინვესტიციების მთავარი წყაროა.
საყურადღებოა, რომ ბოლო 4 თვეში 9%-ზე მეტად გაიზარდა მწარმოებელთა ფასებიც. სამომხმარებლო ფასების სტაბილიზაციისთვის საქართველოს ეროვნული ბანკი (სებ) იძულებული გახდა, რეფინანსირების საპროცენტო განაკვეთი გაეზარდა, მაგრამ ამას აქვს გვერდითი ეფექტიც - ძვირდება საწარმოო დანიშნულების სესხები ლარში. აღსანიშნავია, რომ
თუ სამომხმარებლო სექტორისთვის 30-35%-იანი სესხებიც მისაღებია და კარგად მუშაობს, მწარმოებელთა სექტორისთვის საპროცენტო განაკვეთის ზრდა დამაზიანებელია და 15%-იანი სესხებიც კი სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.
- არადა, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი დადებითია, ფულადი გზავნილები და ექსპორტი იზრდება, მაგრამ მოსახლეობის შემოსავლები არ იზრდება, პირიქით, მსყიდველობითი უნარი მცირდება. ამ პირობებში როგორ უნდა გაუმკლავდეს ხალხი ხარჯების ანაზღაურებას და რა შეიძლება გააკეთოს მთავრობამ, ეროვნულმა ბანკმა, რომ გაზრდილი ინფლაცია მოსახლეობის ჯიბეს მძიმე ტვირთად არ აწვებოდეს?
- ჭარბ საიმპორტო მოხმარებაზე გადასახადების (აქციზის) ზრდამ და წარმოებაზე გადასახადების შემსუბუქებამ (მოგების გადასახადის რეფორმა), ბუნებრივია, სტიმული მისცა ეროვნული დანაზოგების ფორმირებას, საინვესტიციო პროცესის გააქტიურებას, რამაც ეკონომიკის ზრდის დაჩქარება განაპირობა.კიდევ ერთი სასიამოვნო ფაქტი: 2-წლიანი ჩავარდნის შემდეგ, 2017 წლის პირველ კვარტალში ადგილობრივი წარმოების საქონლის ექსპორტმა ბოლო წლებში ახალ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ექსპორტი რეექსპორტის გარეშე წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 113 მილიონი დოლარით (+32%), ხოლო წინა ისტორიულ მაქსიმუმს (2014 წლის I კვარტალი) - 18 მილიონი დოლარით აღემატება.
რაც შეეხება მოსახლეობის განკარგვად შემოსავალს, საინტერესო სურათი იკვეთება: 2016 წელს, 2012 წელთან შედარებით, 39%-ით გაიზარდა შინამეურნეობების განკარგვადი შემოსავალი ლარში და (მსყიდველუნარიანობის პარიტეტის გათვალისწინებით) 30,7%-ით - დოლარში; ინფლაციის ეფექტის გამორიცხვით კი შინამეურნეობების განკარგვადი შემოსავლები 27,5%-ით არის მომატებული ლარში, ხოლო აშშ დოლარში დათვლილი - 3%-ით არის შემცირებული. 184%-ით გაიზარდა შინამეურნეობების დავალიანება ეკონომიკის დანარჩენი ინსტიტუციური სექტორების მიმართ და ამ ვალის მომსახურების მაჩვენებელმა 96%-ით მოიმატა... დასკვნა მარტივია:
რომ არა ლარის გაუფასურება დოლართან და მოსახლეობის ჭარბვალიანობის პრობლემის დამძიმება, სოციალური ფონი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდებოდა.
- რამდენად მწვავეა ჭარბვალიანობისა და სესხის მომსახურების გაზრდილი მაჩვენებლის პრობლემები, სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს ამგვარმა ვითარებამ და რა შეიძლება იყოს გამოსავალი?
- უნდა შევასრულოთ წამყვანი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების რეკომენდაციები. რამდენიმე კვირის წინ საქართველოს მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა მნიშვნელოვან შეთანხმებას მიაღწიეს. სებ-მა საყურადღებო დაპირებები გასცა. საერთაშორისო სავალუტო ფონდი (სსფ) იწონებს სებ-ის განზრახვას, საცალო იპოთეკურ სესხებზე ლიმიტები შემოიღოს, სესხის მომსახურება-შემოსავალთან მიმართებით; აგრეთვე იწონებს ეროვნული ბანკის დეკლარირებულ გეგმას, აამაღლოს რეგულაციების ხარისხი სისტემური ბანკებისთვის.
თუმცა უნდა ითქვას, რომ სავალუტო ფონდის რეკომენდაციები უფრო მრავლისმომცველია და ფართოდ არის ჩამოყალიბებული ანგარიშში, რომელიც ჯერ კიდევ 2014 წელს მომზადდა. საყურადღებოა, რომ 2014 წლიდან მოყოლებული, სსფ აცხადებდა, რომ ეროვნული ბანკი ამ რეკომენდაციებს 2015 წლიდანვე გაითვალისწინებდა, მაგრამ ქადაგიძის დროს სებ-ს ერთი ნაბიჯიც არ გადაუდგამს რეკომენდაციების შესასრულებლად. კარგია, თუ დღეს ამ რეკომენდაციების შესრულება დაიწყება.
უკვე ცხადი ხდება, რომ საცალო დაკრედიტებაზე ორიენტირებული საფინანსო სექტორი ხელს უწყობს იმპორტული სამომხმარებლო საქონლის მოხმარების ჭარბ სტიმულირებას, ქვეყნიდან ვალუტის ზომაგადასულ გადინებასა და ეკონომიკის ფინანსურ გამოფიტვას, რაც დამატებით განაპირობებს ეროვნული ვალუტის დასუსტებას.
ასეთ დროს აუცილებელია მონეტარული და ფისკალური სტიმულირების ღონისძიებები მთავრობისა და ეროვნული ბანკის მხრიდან. ამასთან, მონეტარული სტიმულირებისთვის სებ-ს საფუძველი მთავრობამ უნდა შეუქმნას. მისი მხრიდან სპეციალური მიზნობრივი ვალდებულებების (ფასიანი ქაღალდების) გამოშვებით ეროვნულ ბანკს შესაძლებლობა მიეცემა, წარმოების დაკრედიტებაზე ორიენტირებული ხელმისაწვდომი რეფინანსირების ხაზი შექმნას.
სამომხმარებლო დაკრედიტების შეზღუდვით, რეფინანსირების ზოგადი განაკვეთის მატებითა და წარმოებაზე ორიენტირებული ხელმისაწვდომი რეფინანსირების საკრედიტო ხაზის გახსნით, შესაძლებელია ფულადი ნაკადების ისე მართვა, რომ ინფლაციისა და ფულის მასის ჭარბი ზრდის გარეშე, ადგილობრივ წარმოებას სტიმული მიეცეს. საერთაშორისო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ამ დროს საბიუჯეტო შემოსავალი იზრდება და ის მნიშვნელოვნად აჭარბებს ვალდებულებებს. საბოლოო ჯამში, ვიღებთ გაძლიერებულ ეკონომიკასა და ეროვნულ ვალუტას.
ამ ღონისძიებებმა რომ ეკონომიკის განვითარების გრძელვადიანი ეფექტი მოგვცეს, აუცილებელია არასაბანკო ფინანსური ინსტიტუტების განვითარება, საპენსიო ფონდების ჩამოყალიბება, სადაზღვევო სისტემის გაძლიერება. კერძოდ, სავალდებულო საყოველთაო საპენსიო შენატანების სქემის ამოქმედება, საშუალო და მაღალშემოსავლიანი პირებისთვის ჯანდაცვის სავალდებულო დაზღვევის, ქონების სავალდებულო დაზღვევის (ბიზნესსექტორში) ამოქმედება და ე.წ. მესამე პირის დაზღვევის შემოღება ავტომფლობელებისთვის. ეს ღონისძიებები საშუალებას მოგვცემს, საპენსიო და სადაზღვევო ფონდებში წელიწადში 700 მილიონი ლარის მობილიზება მოხდეს, გრძელვადიანი სტაბილური შიდაინვესტიციების უზრუნველსაყოფად.
ემა ტუხიაშვილი
წყარო „კვირის პალიტრა"