მალე თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობა დასრულდება და ის საჯარო განხილვების საგანი გახდება (მასზე ორგანიზაცია "სითი ინსტიტუტი საქართველო" და მისი 8 პარტნიორი ორგანიზაცია და კომპანია მუშაობენ). რას ითვალისწინებს გეგმა და რამ შეიძლება გამოიწვიოს აზრთა სხვადასხვაობა, ამასთან დაკავშირებით "კვირის პალიტრამ" საინტერესო ინფორმაციის მოძიება სცადა.
"ყოფილი საწარმოების მიმდებარე ტერიტორიები სარეკრეაციო სივრცეებად უნდა იქცეს"
მერაბ ბოლქვაძე, არქიტექტორი, თბილისის მიწათსარგებლობის გენგეგმის პროექტის ერთ-ერთი თანაავტორი:
- სამ უმთავრეს საკითხზე ვისაუბროთ. პირველი ქალაქის დაგეგმარებას უკავშირდება. გენგეგმა კომპაქტური ქალაქის იდეას ავითარებს და განაშენიანების კონტურებს "გარეთ გასვლა" მიზანშეწონილი არ არის. ბევრი ევროპული ქალაქის თანამედროვე განაშენიანება სწორედ იმას ემსახურება, რომ ქალაქი ძალიან არ გაიშალოს. კოჯრის მიმართულებით, ლისის ტბის მიმდებარედ, დიდი დიღმის სიბრტყეებზე, თბილისის ზღვის გარშემო და ა.შ. ჯერ კიდევ წლების წინ უსისტემოდ არის გაცემული მიწები, რითაც ქალაქს პრობლემა შეექმნა. ინფრასტრუქტურის განვითარება ხარჯების სიდიდის გამო ვერ ხერხდება, ქალაქის ბიუჯეტს კი უპირველესად კომუნალური ხარჯები ეზრდება. მოსახლეობამდე მისაყვანია ელექტროქსელები, გასამართია წყალმომარაგება, გაზმომარაგება, კანალიზაცია, დასაგებია გზები. ცხადია, როცა ქალაქი "გაწელილია", იზრდება სატრანსპორტო მოძრაობაც, რაც მეტი გამონაბოლქვის წარმოქმნას უწყობს ხელს. გარდა ამისა, ქალაქმა სატრანსპორტო უზრუნველყოფაც ხომ უნდა შეძლოს? ამიტომაც ერიდებიან თანამედროვე ქალაქების გარე განვითარებას...
თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ იმ მესაკუთრეთა ინტერესებიც, რომლებსაც უკვე შეძენილი აქვთ მიწა და უძრავი ქონება...
არ მინდა, ისე გაიგოთ, თითქოს ქალაქის არაგონივრული შემჭიდროება სწორია. ამას არ მივესალმები და სავალალო შედეგებიც სახეზეა...
- გვაქვს კი თავისუფალი ტერიტორიები, რომლებიც თბილისის განვითარების საშუალებას იძლევა?
- თბილისში ბევრია გაჩერებული საწარმო, საკმაოდ დიდი მიმდებარე ტერიტორიებით. როცა წარმოება გაჩერდა, ტერიტორია გავერანდა, გაჩანაგდა ინფრასტრუქტურაც, სასაწყობედაც კი აღარ გამოიყენება... ასეთი ადგილები თავიდან უნდა განვითარდეს. არ არის აუცილებელი ყველგან საცხოვრებელი შენობები აშენდეს (ჩვენი კვლევებით დადგენილია, რომ თბილისში მშენებლობა-განაშენიანების 82% საცხოვრებელ შენობებს შეადგენს), ქალაქს კიდევ სხვა ტიპისა და ფუნქციის შენობები სჭირდება...თბილისს გამწვანებული ტერიტორიების დეფიციტიც აქვს. ამიტომ ყოფილი საწარმოების თითქმის ნახევარი სარეკრეაციო საჯარო სივრცეებად უნდა გადაიქცეს.
"მდინარეები უნდა "გაიხსნას"...
მეორე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი შეთანხმებული პროექტებია - განაშენიანების რეგულირების გეგმები, რომელთა დიდი ნაწილი, ასე თუ ისე, მისაღებია და 6,5 მილიონ კვმ ფართობზეა გათვალისწინებული. ესე იგი, შეგვიძლია ეს ტერიტორიაც რესურსად მივიჩნიოთ.
არაგონივრული გამჭიდროებებით ქალაქის ზოგიერYთ უბანში სამარცხვინო შედეგი მივიღეთ - შენობებს შორის საცხოვრებელი კორპუსები ჩაჩხირეს. ბუნებრივია, ამან უძრავი ქონების ფასებზეც იმოქმედა. მაგალითად, თუკი ადამიანს 50.000 დოლარის ქონება ჰქონდა, მისი ფასი 30.000 დოლარამდე დაეცა. სანამ გენგეგმაზე მუშაობა დასრულდებოდა, ჩვენ თბილისის მერიას ცენტრალურ უბნებში მშენებლობების ნებართვების არათუ შეზღუდვა, შეჩერება ვთხოვეთ...
- თუმცა კომპანიები ახალ-ახალ მშენებლობებს მაინც იწყებენ...
- ამის მონიტორინგის ამსახველი მასალებიც გვაქვს. ძირითადად, ადრე გაცემული ნებართვების საფუძველზე შენდება...ჩვენთან კაცზე 4 კვმ გამწვანების ზოლი მოდის, ევროპული სტანდარტით კი საშუალო მაჩვენებელი 15-18 კვმ-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. ამიტომ ქალაქის გარე განვითარება უნდა შევაჩეროთ, ამ ტერიტორიებიდან შემოღწეული ჟანგბადით მაინც რომ ვისუნთქოთ. უნდა შევქმნათ გამწვანების ზოლებიც, რასაც წლები დასჭირდება.
- სად უნდა შეიქმნას?
- მდინარეებისა და ხევების კალაპოტებში მშენებლობები უნდა აიკრძალოს და ეს ადგილები რეკრეაციულ ზონებად გარდაიქმნას. აუცილებლად უნდა "გაიხსნას" მდინარეები, რომლებიც გარკვეულ მონაკვეთებზე მილებში გადის, ზემოდან კი მიწაა დაყრილი, რაც სტიქიური უბედურების რისკს ზრდის (გავიხსენოთ ვერეს ხეობის ტრაგედია).თუკი მდინარეების კალაპოტები მშენებლობებისგან გათავისუფლდება, შესაძლებელია მათი მწვანე ზონებად მოწყობა. პირველ რიგში ვგულისხმობ დუქნის ხევს (ლილო), გლდანის ხევსა და წოწორას ხევს (დიღომი), ასევე, თემქის პარკთან ხევძმარის შენაკადს...
- მდინარე ვერეზეც იმავეს ფიქრობთ?
- უკვე ათვისებულ ტერიტორიებს ვეღარაფერს ვუზამთ, თუმცა მიწის ქვეშ მოქცეული მდინარის შესართავები ყველგან უნდა გაიხსნას. სხვათა შორის, ვარაზისხევში ძალიან კარგი რესურსი იყო რეკრეაციული ზონის შესაქმნელად, მაგრამ ხელოვნურად გავაფუჭეთ მდგომარეობა. კეკელიძის ხევი მთლიანად ამოივსო, რაც სავალალოა. ცხადია, ამიერიდან ვინც აკრძალულ ზონაში მშენებლობის უფლებას მოითხოვს, უარი უნდა ეთქვას.წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" 8 მაისის ნომერში
ან გახდით გაზეთის ონლაინ-ვერსიის ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია სრულად