თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა ე.წ.ნავთლუღის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიიდან გარევაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციები გაიტანეს. ,,თბილსერვის ჯგუფის’’ თანამშრომლების მიერ დასუფთავდა მეველის ქუჩა და მეტროსადგურ "სამგორის" მიმდებარე ტერიტორია.
თბილისის მერიის ინფორმაციით, მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა მოვაჭრეები რამდენჯერმე გააფრთხილეს, შეეწყვიტათ უნებართვო სამეწარმეო საქმიანობა.
თბილისის მერის მოადგილის, გიგა ნიკოლეიშვილის განცხადებით, ტერიტორიის დასუფთავების შემდეგ თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაიწყებს.
,,უნებართვო გარევაჭრობის აღსაკვეთად ღონისძიებები გრძელდება. ამჯერად გარევაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციებისგან ნავთლუღის ბაზრის მიმდებარე ტერიტორია გათავისუფლდა. უახლოეს პერიოდში კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური აქ გზისა და ტროტუარის სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს", - განაცხადა გიგა ნიკოლეიშვილმა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ბაზრობების ასოციაცია, ექვსი თვის განმავლობაში შეღავათიანი პირობებით, გარემოვაჭრეებს სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების მიზნით, ადგილებს დაუთმობს, ბაზრობების დირექცია კი მეწარმეებს საკუთარი პროდუქციის კონკურენტუნარიან პირობებში რეალიზაციისთვის ყველა პირობას შეუქმნის. გარემოვაჭრეებს საკუთარი პროდუქციის რეალიზაცია რკინიგზის სადგურსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, „დინამოს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, მეტროსადგურ ,,დიდუბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ძველი დეზერტირების ბაზრის ადგილას აშენებული ახალი ბაზრის ტერიტორიასა და ისნისა და სამგორის ბაზრობებზე შეუძლიათ.
როგორც მერიაში აცხადებენ, გარევაჭრობის აკრძალვის მოთხოვნით, თბილისის მერიასა და რაიონულ გამგეობებს, ასევე მაჟორიტარ დეპუტატებს მოქალაქეებმა არაერთხელ მიმართეს. გარდა იმისა, რომ გარევაჭრობა უკანონოდ ხორციელდება, ასევე, ირღვევა მალფუჭებადი პროდუქციის შენახვის პირობები, ხდება გაურკვეველი წარმოების პროდუქციის გაყიდვა, ჩნდება ანტისანიტარია, მახინჯდება თბილისის იერსახე და ფერხდება გადაადგილება.
თბილისის მერიამ უნებართვო გარევაჭრობის წინააღმდეგ ღონისძიებების გატარება 19 მარტს, მეტრო „მარჯანიშვილის“ მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო. ანალოგიურ ღონისძიებებს მერია მომავალშიც განახორციელებს და მოვაჭრეებს უნებართვო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება აღარ მიეცემათ.