სახელმწიფოსა და კერძო პირების კუთვნილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ოთხი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სახელმწიფო და კერძო პირების კუთვნილი სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ოთხი პირი დააკავა.

როგორც საგამოძიებო სამსახური იუწყება, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულები, 2015 წლის ნოემბრისა და დეკემბრის თვეში, მართლსაწინაღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მიწის ნაკვეთების ყალბი მიღება - ჩაბარების აქტების საფუძველზე, თაღლითურად დაეუფლნენ თბილისის ზღვის მიმდებარედ, ხეხილსანერგე მეურნეობაში მდებარე 301 421 ლარის ღირებულის 3 000 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთებს, რომლებიც შემდგომ სხვადასხვა პირზე ეტაპობრივად გაასხვისეს. ბრალდებულები, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დაკავებულ იქნენ საქართველოს სსკ - ის 180 - ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე - 3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

საქმეზე გრძელდება გამოძიება დანაშაულის ჩადენაში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-გამოვლენის მიზნით.