54 წლის ელენა ბატურინი ქმართან, მოსკოვის ყოფილ მერთან იური ლუჟკოვთან ერთად საქართველოს სტუმრობს.
80 წლის ლუჟკოვმა, მისმა მეუღლემ და მათმა თანმხლებმა პირებმა, სოფელ ქანდაში 13 ასურელი მამის მონასტერი მოინახულეს. ამ ვიზიტის ამსახველ ფოტოებს ფეისბუქის პირად გვერდზე მონასტრის წინამძღვარი მამა სერაფიმეც ავრცელებს.
ჟურნალ "ფორბსის" ყველაზე მდიდარი რუსი ქალების ბოლო რეიტინგის მიხედვით, 54 წლის ელენა ბატურინას ქონება 1,06 მილიარდი დოლარია. ელენა ბატურინა კომპანია Inteco Management-ის პრეზიდენტია. გარდა ამისა, ლუჟკოვის მეუღლე მაღალი დონის საერთაშორისო სასტყუმროების ქსელის დამფუძნებელია. ბატურინა სასტუმროებს ფლობს ავსტრიის კურორტ კიცბოელში, ასტანაში, ჩეხეთსა და ირლანდიაში.
რუსეთის ყველაზე მდიდარი ქალბატონის პირველი ბიზნესი კოოპერატივი იყო, რომელიც ძმასთან ერთად დააფუძნა. კოოპერატივი სპეციალიზებული იყო პროგრამულ უზრუნველყოფასა და კომპიუტერულ ტექნიკაზე.
ჯერ კიდევ 2008 წლის ომამდე, ლუჟკოვი მოუწოდებდა რუსეთის ხელისუფლებას თვითგამოცხადებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა ეღიარებინა. ამის გამო, საქართველოს პარლამენტის იმჟამინდელი დეპუტატები, მის პერსონა ნონ-გრატად გამოცხადებას მოითხოვდნენ. ომიდან ერთი წლის შემდეგ კი მოსკოვის მერი ოფიციალური ვიზიტით ეწვია ცხინვალს.
2009 წელს ლუჟკოვი სოხუმს ეწვია. მისი ვიზიტი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააპროტესტა და რუსულ მხარეს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა მოსკოვის მერის, იური ლუჟკოვის ხელმძღვანელობით რუსული დელეგაციის სოხუმში ჩასვლასთან დაკავშირებით.