მიუხედავად იმისა, რომ ანტიკორუფციული პოლიტიკის გატარებაში საქართველომ ბოლო წლებში წარმატებას მიაღწია და ევროპის ქვეყნებს შორის დაბალი მაჩვენებლითაც გამოირჩევა, ამ მოვლენასთან ბრძოლა კვლავ პრიორიტეტულია.
ოფიციალური მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შექმნიდან (2015 წლის აგვისტოდან) 2016 წლის ჩათვლით, სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 76 საქმეზე, მათ შორის, ქრთამის აღების - 36, ქრთამის მიცემის - 2, თაღლითობის - 13, მითვისების ან გაფლანგვის - 5, კომერციული მოსყიდვის - 7, სამსახურებრივი გულგრილობის - 2, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების - 5, სამსახურებრივი სიყალბის - 2 ფაქტზე. ამ და სხვა ცალკეულ დანაშაულზე პასუხისგებაში მიცემულია 75 პირი.
იანვარში "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" გამოაქვეყნა ახალი ანგარიში, "კორუფციის აღქმის ინდექსი 2016", რომლის თანახმად, გასულ წელთან შედარებით, საქართველო 5 ქულით დაწინაურდა, 57 ქულა დაიმსახურა და, შესაბამისად, 176 ქვეყანას შორის 48-დან 44-ე ადგილზე გადაინაცვლა.
ერეკლე ურუშაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ანტიკორუფციული პროგრამის ხელმძღვანელი: - 2004 წლის შემდეგ დაწყებული რეფორმების შედეგად, საქართველომ წარმატებას მიაღწია წვრილმან კორუფციასთან ბრძოლაში. რა თქმა უნდა, ეს არ არის კორუფციის ერთადერთი სახეობა. ის შეიძლება იყოს ისეთ სფეროებში, როგორიცაა სახელმწიფო შესყიდვები, ტენდერები, პოლიტიკური პარტიების დაფინანსება, პრივატიზაცია, უკავშირდებოდეს თანამდებობის პირების მონაწილეობას ბიზნესში. როდესაც ჟურნალისტები ან არასამთავრობო ორგანიზაციები ავრცელებენ ინფორმაციას ელიტური კორუფციის შესაძლო შემთხვევებზე, ამაზე რეაგირება არ ხდება. ჩვენი ორგანიზაცია კორუფციის თაობაზე საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვას ატარებს. იკვეთება, რომ წვრილმანი კორუფციის დონე საქართველოში კვლავ დაბალია, თუმცა მთავრობის ანტიკორუფციულ პოლიტიკას მოსახლეობის ნაწილი არაეფექტიანად მიიჩნევს.
დაბალ დონეზე კორუფცია აღმოფხვრილია, მაგრამ კვლავ არის ელიტური კორუფციის რისკები. იმისათვის, რომ ეს რისკები არ იყოს, ერთ-ერთი ეფექტიანი მექანიზმი იქნება დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახურის შექმნა და იმ ფაქტების გამოვლენა, რომლებიც დაკავშირებულია მინისტრებთან, მერებთან და სხვა მაღალჩინოსნებთან...
ხელისუფლებას სხვა რეკომენდაციებითაც მივმართეთ: სახელმწიფო ინსტიტუტებზე არაფორმალური გავლენის აღმოფხვრა, საჯარო და კერძო სექტორების გამიჯვნა, სასამართლო ხელისუფლებისა და სამართალდამცავი უწყებების დამოუკიდებლობისა და პოლიტიკური მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა, ჟურნალისტების მიერ კორუფციაზე მოძიებულ ინფორმაციაზე რეაგირება...
- რომელ სფეროში არსებობს, ძირითადად, კორუფციის რისკები?
- მაგალითად, სახელმწიფო შესყიდვებში. ჩვენ გვაქვს ელექტრონული შესყიდვების გამჭვირვალე სისტემა, რომელიც ამცირებს კორუფციის საფრთხეს, მაგრამ თანხის დაახლოებით 1/3 ამ ელექტრონული სისტემის გვერდის ავლით იხარჯება, ანუ ე. წ. გამარტივებული შესყიდვების გზით, როდესაც უკვე ტენდერის გარეშე ხდება პირდაპირ შერჩევა. ცხადია, შეიძლება არსებობდეს გამონაკლისები, მაგალითად, სტიქიური უბედურებები და სხვა გადაუდებელი შემთხვევა, როცა დრო არ ითმენს, მაგრამ ჩვენი კანონი ზედმეტად ბევრ გამონაკლისს უშვებს და ვიღებთ სიტუაციას, როცა სახელმწიფო შესყიდვებზე გამოყოფილი თანხების დაახლოებით 1/3 სწორედ ამ გამჭვირვალე ელექტრონული სისტემის გვერდის ავლით იხარჯება. როდესაც პირდაპირი წესით და ტენდერის გარეშე ხდება შესყიდვა, ეს ერთმნიშვნელოვნად ზრდის კორუფციის რისკს. თანამდებობის პირებს ეკრძალებათ პირდაპირი მონაწილეობა სამეწარმეო საქმიანობაში, თუმცა არაერთხელ გამოვლენილა თანამდებობის პირის მონაწილეობა ბიზნესში, მისი ჩართულობა ამა თუ იმ კომპანიის საქმიანობაში, მაგრამ ქონებრივ დეკლარაციაში ეს არა აქვს მითითებული. ქონებრივ დეკლარაციასთან დაკავშირებული დარღვევების არაერთი შემთხვევა გახმაურდა და არც ერთ მათგანზე არ ყოფილა რეაგირება.წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" 8 მაისის ნომერში
ან გახდით გაზეთის ონლაინ-ვერსიის ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია სრულად