მკვლელი სათამაშოები

ალბათ ბავშვობაში ყველას ჰქონია რჩეული სათამაშო, რომელიც განსაკუთრებით უყვარდა - ამ სათამაშოს არ ვიშორებდით, მასთან ერთად ვიღვიძებდით და ვიძინებდით.

სწორად შერჩეული სათამაშო ბავშვის განვითარებაში დიდ როლს ასრულებს: პატარა არსებას ეხმარება სამყაროს აღქმაში, უვითარებს ფიქრის, მეხსიერებისა და მეტყველების უნარს, მაგრამ შეიძლება პირიქითაც მოხდეს. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ მაღაზიებში ისეთი სათამაშოებიც იყიდება, რომლებიც ბავშვის ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედებს. ამის თაობაზე ინფორმაცია სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მომხმარებელთა უფლებების დაცვის პროგრამის ასისტენტმა - თამარ გობეჯიშვილმა მოგვაწოდა.

- ფაქტია, რომ სათამაშოებს საქართველოში არავინ ამოწმებს და არ ვიცით, რა მდგომარეობაა ამ მხრივ ჩვენს სავაჭრო ქსელში. ამიტომაც გადავწყვიტეთ, ეს სფერო შეგვემოწმებინა.

ევროკავშირს აქვს სწრაფი შეტყობინებების სისტემა - გვერდი, სადაც აქვეყნებს ინფორმაციას ევროკავშირის ტერიტორიაზე შესული პროდუქციის ხარისხზე. ჩვენ გავეცანით ევროკავშირის ტერიტორიაზე არსებულ პარამეტრებს და ქართულ მაღაზიებში შეძენილი სათამაშოების შემოწმება გერმანიის ლაბორატორიას ვთხოვეთ (აქ ასეთი ლაბორატორიაც არ გვაქვს).

პირველად შევიძინეთ 10 სათამაშო თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში - ეს იყო ბარბის ტიპის თოჯინები და ათიდან ცხრაში დარღვევა აღმოჩნდა. მეორე ეტაპი იყო სხვადასხვა ტიპის სათამაშოების შემოწმება. ერთ-ერთ მაღაზიაში შევიძინეთ სამი დასახელების სათამაშო: თოფი, მშვილდ-ისარი და საქსოვი რეზინის ნაკრები. გერმანიის ლაბორატორიიდან ძალიან ცუდი პასუხი მივიღეთ: ორ სათამაშოში აღმოჩნდა ფტალატების გადაჭარბებული შემცველობა, რომელთა გამოყენება ევროკავშირში აკრძალულია... ამის შემდეგ, მომხმარებელთა თხოვნით, სხვა ტიპის სათამაშოების შემოწმებაც დავიწყეთ და მათ შორის იყო ღრძილების მასაჟორი, ჩვილი ბავშვებისთვის განკუთვნილი საჭყიპინო და აბაზანის რბილი სათამაშოები.

ისინი თბილისის მაღაზიებში შევისყიდეთ 2016 წლის დეკემბერში და 2017 წლის იანვარში, გავგზავნეთ შესამოწმებლად გერმანიაში. ლაბორატორიას ვთხოვეთ, სათამაშოებში შეემოწმებინა უსაფრთხოების ის პარამეტრი, რომელიც დარღვეული იყო თოჯინებში - კერძოდ, ფტალატების შემცველობა. ლაბორატორიიდან მიღებული პასუხების მიხედვით, ზოგ სათამაშოში დაფიქსირდა ერთ-ერთი ფტალატის, - დი-2-ეთილჰექსილფტალატის (DEHP) გადაჭარბება ევროპაში დაშვებულ ნორმასთან შედარებით. მომხმარებლებს განვუმარტავთ, რომ ეს არის პლასტმასის დამარბილებელი ნივთიერება, რომელიც ხშირად გამოიყენება ტექნიკური დანიშნულების რბილ პლასტმასებში, საიზოლაციო მასალებში, მაგრამ სათამაშოებში მისი გამოყენება ევროკავშირში აკრძალულია.

- რომელი ქვეყნებიდან შემოიტანეს ეს სათამაშოები?

- ყველა სათამაშო იმპორტირებული იყო, რადგან საქართველოში სათამაშოები არ იწარმოება. თითქმის ყველა მათგანი ჩინურია, მაგრამ ყველას ჰქონდა ნიშანი, რომ ევროკავშირის ქვეყნებისთვის უსაფრთხო ნაწარმია. რა თქმა უნდა, ეს ტყუილია, რადგან ევროკავშირს საკმაოდ მკაცრი მოთხოვნები აქვს. მიუხედავად ამისა, რეალიზატორს პასუხს მაინც ვერ მოსთხოვ, რადგან ისიც პირველ რიგში, ამ ნიშანს აქცევს ყურადღებას. რა უნდა აკრძალო, როცა ქვეყანაში არც ნორმა არსებობს და არც მაკონტროლებელი ორგანო? აქედან გამომდინარე, მაღაზიაც თავისუფალია არჩევანში.

- თუ მიმართეთ ვინმეს დარღვევების აღმოჩენის შემდეგ?

- სათამაშოებში აღმოჩენილი დარღვევების შესახებ ვწერდით სახელმწიფო სტრუქტურებს - მთავრობას, პარლამენტის სხვადასხვა კომიტეტს, ჯანდაცვის სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროს და ომბუდსმენის აპარატს. ჩვენს თხოვნას მხოლოდ ომბუდსმენი გამოეხმაურა და მთავრობას მიმართა, რომ სათამაშოებზე კონტროლი 2019 წლამდე უნდა დაწესდეს, მანამდე კი დიდი დროა დარჩენილი. სხვა სტრუქტურებიდან დაახლოებით ასეთი შინაარსის წერილები მივიღეთ - თურმე, სათამაშოების შემოწმება მათ კომპეტენციაში არ შედის და ამ დარღვევებზე რეაგირებას ვერ მოახდენენ.

- როგორ მოქმედებს აღმოჩენილი მავნე ნივთიერებები პატარების ჯანმრთელობაზე?

- მაგალითად: დი-2-ეთილჰექ­სილფტალატი (DEHP) ნერწყვის მეშვეობით შედის ბავშვის ორგანიზმში და ღვიძლისა და თირკმლების დაზიანებას იწვევს. გარდა ამისა, უარყოფითად მოქმედებს რეპროდუქციულ ფუნქციაზე. ჩვენ მიერ შემოწმებულ სათამაშოებში სხვა სახეობის ფტალატიც აღმოჩნდა, რომელიც მხოლოდ მაშინ არის მავნებელი, როდესაც ბავშვი სათამაშოს პირში იდებს. აქვე გეტყვით, რომ ეს საკმაოდ კარგი ფირმის სათამაშოები იყო და თვითონ ამ ფირმის წარმომადგენლებიც გამოგვეხმაურნენ, თვითონაც დაიწყეს მოკვლევა საკუთარ პროდუქციაზე. გვთხოვეს, მონაცემები გაგვეგზავნა, მაგრამ როგორც ჩანს, განსხვავებული დასკვნა არც მათ მიუღიათ.

- ევროკავშირის ქვეყნებში რატომ ვერ შეაქვთ ასეთი საეჭვო პროდუქცია?

- ევროკავშირის საბაჟოებზე ყველაფერი მკაცრად მოწმდება, ჩვენთან კი ეს სისტემა საკმაოდ მოიკოჭლებს. პროდუქციას ქართულ ენაზე ეტიკეტი რომ უნდა ჰქონდეს, კანონის მოთხოვნაა, მაგრამ ის მხოლოდ სურსათის მიმართულებით სრულდება, რადგან ამ მოთხოვნას სურსათის ეროვნული ადმინისტრაცია ამოწმებს. სხვა სახის პროდუქცია აბსოლუტურად თავისუფლად შემოდის და იყიდება. რეალიზატორს პასუხს ვერც მოსთხოვ, თუ რატომ არა აქვს ქართულენოვანი ეტიკეტი.

- თქვენი აზრით, თუ არსებობს გამოსავალი ამ სიტუაციიდან?

- გამოსავალი სახელმწიფოს მიერ მკაცრი კონტროლის დაწყებაა. საჭიროა ნორმების დადგენა, რა არის უსაფრთხო და რა - არა. ამასთან, ქვეყანაში უნდა იყოს მაკონტროლებელი ორგანო, რომელიც საბავშვო პროდუქციის შემოწმებას დაიწყებს. ამ შემთხვევაში, არასამთავრობო ორგანიზაციებიც ჩაერთვებიან და ამოიღებენ ქსელიდან მავნე სათამაშოებს. ჯერ უნდა შეიქმნას საკანონმდებლო ბაზა და მერე, ის სტრუქტურა, რომელიც ამ კანონებს აღასრულებს. როგორც გითხარით, არსებობს გეგმა, რომ სათამაშოების კონტროლი საქართველოში 2019 წლიდან დაიწყება, მაგრამ ამ ორი წლის განმავლობაში ჩვენი ბავშვების ჯანმრთელობა და სიცოცხლე ვინმემ ხომ უნდა დაიცვას?

- რჩევა მაინც მივცეთ ჩვენი ჟურნალის მკითხველს - როგორი სათამაშოები შეიძინონ ან როგორ შეარჩიონ?

- რჩევის მიცემა რთულია, რადგან დარღვევები აღმოჩნდა როგორც ძვირად ღირებულ, ასევე შედარებით უბრალო და იაფფასიან სათამაშოებშიც. რომ გგონია, პრესტიჟული მაღაზიაა და იქ ნაყიდ ძვირფას სათამაშოშიც მავნე ნივთიერება აღმოჩნდება, რაღა უნდა თქვა?! ვერანაირი კრიტერიუმი ვერ მოვძებნეთ, რის მიხედვითაც შეიძლება შევარჩიოთ უვნებელი და კარგი ხარისხის სათამაშო. გამოგიტყდებით: ჩემი შვილებისთვისაც არ ვიცი, რა როგორ შევარჩიო.

შეიძლება, წინ ორი სათამაშო მედოს და მეც ის ვიყიდო, რომელიც მავნეა, რადგან მისი შემადგენლობა ზუსტად არ ვიცი. თუ ამ ფუნქციას სახელმწიფო სტრუქტურები არ იტვირთებენ და სათანადო ზომებს არ მიიღებენ, მოქალაქეები ვერაფერს შეძლებენ. სურსათზე ვიცით, რომელი შეიძლება იყოს მავნე ან სად და როგორ უნდა შევინახოთ, მაგრამ სათამაშოებზე კონკრეტული შეზღუდვები არ არსებობს. ამიტომ მოსახლეობა დაუცველია.

- საქმეს ისიც ართულებს, რომ ამ სათამაშოებში აღმოჩენილი მავნე ნივთიერებები ბავშვის ჯანმრთელობაზე ერთბაშად არ მოქმედებს.

- დიახ, ქიმიური მინარევები ორგანიზმზე უცბადვე არ მოქმედებს, ქიმია დროთა განმავლობაში იწვევს უარყოფით შედეგს. ბავშვი ასეთ სათამაშოს პირში რომ ჩაიდებს, თირკმლების ან ღვიძლის პრობლემები მაშინვე კი არ დაეწყება, ეს წლების შემდეგ გამოვლინდება. ამიტომ, სახელმწიფომ მუდმივად უნდა იზრუნოს, რომ ჩვენი მომავალი თაობა ჯანსაღი გაიზარდოს.

ხათუნა ჩიგოგიძე

წყარო gza.ambebi.ge