"ფინანსების მოცარტი" - ვინ არის საფრანგეთის ახალარჩეული პრეზიდენტი

საფრანგეთის ახალარჩეული პრეზიდენტი - 39 წლის ემანუელ მაკრონი ქალაქ ამიენში, ექიმების ოჯახში დაიბადა.

სკოლის წლები მაკრონმა იეზუიტურ კერძო სკოლაში გაატარა. „ბიბისის“ ცნობით, პოლიტიკა მაკრონის მთავარი მიზანი არასდროს ყოფილა - ის მწერლობაზე ოცნებობდა, წერდა ლექსებსა და რომანებს ესპანელ კონკისტადორებზე.

„ემანუელ მაკრონი ყოველთვის განსხვავებული ბავშვი იყო. როცა მისი თანატოლები ტელევიზორს ვუყურებდით, ის წიგნებს კითხულობდა. შეიძლება ითქვას, რომ რაღაც მომენტში მასწავლებლებს უტოლდებოდა“, - ციტირებს „ბიბისი“ მაკრონის თანაკლასელის ანტუან მარგეს სიტყვებს.

მას შემდეგ, რაც მაკრონის მშობლებმა შეიტყეს, რომ მათი შვილი ლიტერატურისა და სამსახიობო ხელოვნების მასწავლებლით ბრიჯიტ ტრონიეთი იყო გატაცებული, პარიზში, ელიტურ სკოლა-ლიცეიუმში გადაიყვანეს.

სკოლის დამთავრების მერე მაკრონმა სწავლა ფილოსოფიის ფაკულტეტზე გააგრძელა, პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტში კი პოლიტოლოგიაში მაგისტრის ხარისხი აიღო.

„15 წლის წინ, როცა ვკითხე 20 წლის მერე შენი თავი სად წარმოგიდგენია-მეთქი, მაკრონმა აუღელვებლად მიპასუხა - პრეზიდენტი ვიქნებიო“, - იხსენებს ბიზნესმენი და პოლიტიკური მრჩეველი ალენ მინკი. სწორედ მან ურჩია მაკრონს პოლიტიკაში წასვლა.

"ფინანსების მოცარტი"

სწორედ ეს მეტსახელი შეარქვეს მაკრონს მას შემდეგ, რაც მან შეძლო დაერწმუნებინა „ნესტლე“ 12 მილიარდ დოლარდ შეეძინა Pfizer-ის ქვეგანყოფილება.

მაკრონის კარიერის სტარტი საკმაოდ შთამბეჭდავი იყო. დიპლომის მიღების შემდეგ მაკრონმა საფრანგეთის ეკონომიკის სამინისტროში ფინანსურ ინსპექტორად დაიწყო მუშაობა. 2009 წელს მან შეიცვალა სფერო და Rothschild & Cie Banque-ში საინვესტიციო ბანკირი გახდა. Financial Times-ის ინფორმაციით, პირველივე წელს მაკრონმა 2,9 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

2012 წელს მაკრონი ისევ ეკონომიკის სამინისტროში დაბრუნდა და გენერალური მდივნის მოადგილედ დაინიშნა. 2014 წელს ფრანსუა ოლანდმა მისი მომავალი მემკვიდრე ქვეყნის ეკონომიკის მინისტრად დანიშნა. Financial Times-ის ცნობით, მაკრონმა მალე მოიპოვა პოპულარობა, რადგან მუდმივად აკრიტიკებდა 35-საათიანი სამუშაო კვირას და მდიდრებისთვის გადასახადებს.

რის გაკეთებას გეგმავს მაკრონი?

„ბიბისის“ ინფორმაციით, საფრანგეთის ახალარჩეულ პრეზიდენტს 50 მილიარდი ევროს ოდენობის საჯარო ინვესტიციის გეგმა აქვს პროფესიული გადამზადებისთვის, ენერგიის განახლებადი წყაროებისთვის, ინფრასტრუქტურისა და ქვეყნის მოდერნიზაციისთვის;

მისი გეგმა ასევე ითვალისწინებს კბილის პროთეზების, სათვალეებისა და სმენის აპარატის სრული ღირებულების დაფინანსებას;

-კორპორატიული გადასახადის შემცირება და კომპანიებთან 35-საათიანი სამუშაო კვირის შესახებ მოლაპარაკებების დაწყება საათების გაზრდასთან დაკავშირებით;

- უმუშევრობის დონის შემცირება 7%-მდე (ახლა 9,7%-ია). მისი განცხადებით, ქვეყანაში უმუშევრობის შემცირებას ხელს შეუწყობს სამუშაო კვირის 35-დან 39 საათამდე გაზრდა.

-სკოლებში 15-წლამდე ასაკის მოსწავლეებისთვის მობილური ტელეფონების გამოყენების აკრძალვა და 18 წლის ასაკის ახალგაზრდებისთვის 500 ევროს გადახდა, რათა იყიდონ წიგნები და გაეცნონ კულტურულ კონტენტს.

მაკრონმა საპრეზიდენტო კამპანიის დროს პირობა დადო, რომ მოახერხებდა სახელმწიფო დანახარჯების ოპტიმიზაციას 60 მილიარდი ევროთი და ამას საჯარო სამსახურებში 120 ათასი სამუშაო ადგილის შემცირებით მიაღწევდა. ამავდროულად, მაკრონი სკოლებში 4-დან 5 ათასამდე ახალი სამუშაო ადგილის შექმნას გეგმავს.

მემარცხენე ფლანგზე, მათ შორის პროფკავშირები, ეწინააღმდეგებიან იმას, რომ კომპანიებს გაუადვილდეთ პერსონალის აყვანა და დათხოვნა, ხელფასების დადგენა ან სამუშაო საათების გახანგრძლივება.