რუსთავის მერიის ა(ა)იპ საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრი საცხოვრებელ კორპუსებში საყოფაცხოვრებო ნარჩენების ბუნკერებსა და შენობების სარდაფებს მღრღნელების საწინააღმდეგო სადერატიზაციო საშუალებებით უფასოდ ამუშავებს.
როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ხელმძღვანელმა დავით ბეგაშვილმა ,,ინტერპრესნიუსთან“ საუბარში განაცხადა, პირებს, რომლებიც მსგავსი მომსახურების გაწევის სანაცვლოდ, მოსახლეობისგან თანხას ითხოვენ, მათ სამსახურთან არანაირი კავშირი არა აქვთ, ისინი საქმიანობას თვითნებურად ეწევიან.
,,ჩვენი ცენტრი კორპუსების სარდაფებსა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების ბუნკერებს თვეში ერთხელ და მოთხოვნის შემთხევაში, განმეორებითაც, აბსოლუტურად უფასოდ ამუშავებს. იმ პირებს კი, რომლებიც სადარბაზოებში და ბუნკერებში გაურკვეველ სითხეს ასხამენ, არანაირი კავშირი არა აქვთ ჩვენ სამსახურთან. ისინი თვითნებურად დადიან ქალაქში. ჩვენ არანაირი ბერკეტი არ გაგვაჩნია იმისა, რომ მათ მსგავსი საქმიანობა ავუკრძალოთ. არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება იმის თაობაზე, რომ ჩვენი სამსახური მღრღნელების საწინააღმდეგო სადერატიზაციო საშუალებებით კორპუსებს აბსოლუტურად უფასოდ ამუშავებს და თუ მოსახლეობასთან ვინმე ჩვენი სახელით მივა და თანხას მოითხოვს, არ გადაიხადონ“, - განაცხადა დავით ბეგაშვილმა.
ბოლო პერიოდში, კერძო სადენზინფექციო ფირმები, რუსთავის მოსახლეობას სადარბაზოებისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების ბუნკერების შეწამვლის სანაცვლოდ, ოჯახზე 2 ლარის გადახდას სთხოვენ. ისინი სადარბაზოებსა და ბუნკერებში დაუდგენელი წარმოშობის სითხეს ასხავენ და აცხადებენ, რომ სითხე მღრნელების საწინააღმდეგოა, რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრში კი აცხადებენ, რომ ამ სითხეს მღრნელების წინააღმდეგ არანაირი ეფექტი არ აქვს.