მართვის მოწმობის გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩაბარება თბილისისა და რუსთავის ქუჩებში მოხდება

მართვის მოწმობის გამოცდა არის მასშტაბური პროექტი, რომელიც, ერთი მხრივ, გულისხმობს ავტოსკოლების რეფორმას და მეორე მხრივ, უშუალოდ პრაქტიკული გამოცდის ქუჩაში გატანას , - ამის შესახებ შს მინისტრი მოადგილე შალვა ხუციშვილმა შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი განცხადებით, „უკვე დასრულებულია პროექტირება გამოცდის ქუჩაში გატანის საკითხზე, სადაც ყველაფერი დამყარებული იქნება ტექნოლოგიებზე“. როდის მოხდება პროექტის ინიცირება პარლამენტში, შალვა ხუციშვილის განცხადებით, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი იქნება შიდა კონსულტაციების დროს მთავრობის მიდგომა.

”თუ ჩვენ მოვიცავთ ავტოსკოლების რეფორმასაც, მაშინ ეს იქნება გარკვეულწილად ვადაში გაწელილი და სავარაუდოდ წლის ბოლოდან ამოქმედდება, ხოლო თუ ეს იქნება მხოლოდ გამოცდის ქუჩაში გატანა, მაშინ შემოდგომაზე გვექნება კონკრეტული ცვლილებები ამ კუხით. რაც შეეხება ავტოსკოლებს, ისინი მუშაობენ ყოველგვარი სტანდარტების გარეშე, ეს არის დერეგულირებული სფერო და ჩვენ თუ ამ რეფორმას განვახორციელებთ, მათ მოუწევთ გარკვეული სტანდარტების დაკმაყოფილება, რისთვისაც უნდა მივცეთ ვადა”, - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

მისივე თქმით, პრაქტიკული გამოცდები სავარაუდოდ რუსთავსა და თბილისში იქნება, რომელიც, თავის მხრივ, რამდენიმე ქუჩას გააერთიანებს.