პეკინის გამზირზე, გზის საფარის განახლების შემდეგ, ავტობუსის ხაზი მოეწყობა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა. თბილისის მერის თქმით, პეკინის გამზირზე გზის საფარის რეაბილიტაცია 15 ივნისს დაიწყება და სამი თვე გაგრძელდება.
„სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ბლექ სი ჯგუფი“ განახორციელებს. პეკინის გამზირზე გზის საფარის რეაბილიტაცია 15 ივნისს დაიწყება და 15 სექტემბრისთვის დასრულდება. გამზირზე მიწისქვეშა კომუნიკაციები შეიცვლება.
პეკინის გამზირის გზის ქვეშ ოთხი მაგისტრალური მილსადენი გადის - წყლის და გაზის. დაზიანებული მილების გამო წყალი გზას ქვემოდან რეცხავს. ამიტომ სამუშოების შესრულება აუცილებელია, რათა გზის ზედაპირი ტალღოვანი არ იყოს, როგორც ახლაა“, - განაცხადა ნარმანიამ.
მისივე თქმით, საგზაო სამუშაოების მიმდინარეობისას საპატრულო პოლიციასთან შეთანხმებით ეტაპობრივად მოხდება პეკინის გამზირზე საგზაო მოძრაობის შეზღუდვა.
საგზაო სამუშაოების დასრულების შემდეგ პეკინის გამზირზე ავტობუსებისთვის ხაზი მოეწყობა, რომელზეც სხვა ტრანსპორტისთვის გადაადგილება შეზღუდული იქნება.