არასრულწლოვნებისთვის ონლაინ აზარტულ თამაშებზე ხელმისაწვდომობა გართულდება. ამ და სხვა ცვლილებების შემუშავების მიზნით პარლამენტში სამუშაო ჯგუფი უკვე შექმნილია.
სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების შესახებ საკანონმდებლო ცვლილების პროექტის მომზადების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში, დახურულ ფორმატში მიმდინარეობს.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებით, არასრულწლოვანთა აზარტულ თამაშებში ჩაბმულობა ნომერ პირველი პრობლემაა.
„როგორც ბატონმა პრემიერმა თქვა, ეს არის ჩვენი ერთ-ერთი გამოწვევა და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რეგულაციების შესამუშავებლად, რომელიც პირველ რიგში მიმართული იქნება იქითკენ, რომ რაც შეიძლება ნაკლები არასრულწლოვანი ჩაერთოს აზარტულ თამაშებში. ამავდროულად, ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით საზოგადოებრივ და ბიზნესის ინტერესს შორის ბალანსი დავიცვათ. თუმცა ვერ გეტყვით, რომ 1 დღეში ან ერთ კვირაში შევიმუშავებთ ამ პროექტს, სამუშაო პროცესი გაგრძელდება“, - განაცხადა კილაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობა ჯერჯერობით ვერ საუბრობს, რა სახეს მიიღებს კანონპროექტი ან მოსალოდნელია თუ არა ე.წ. ონლაინ-კაზინოების აკრძალვა, როგორც ეს მთავრობის მიერ თავდაპირველად დაანონსდა, თუმცა დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი აცხადებს, რომ „რაღაცები ისე არ იქნება, როგორც დღეს არის“.
„დღევანდელი რეალობა ასეთია - ნებისმიერ არასრულწლოვანს, ვისაც რაღაც ფორმით ვიღაც სხვა ადამიანის პირადობის მოწმობა აქვს, მაგალითად 14 წლის ბავშვმა ამოიწერა უფროსი ადამიანის პირადობის მოწმობა - შეუძლია დარეგისტრირდეს, დაიწყოს თამაში, თანხა შეიტანოს paybox-დან... რეკლამაც შეუზღუდავია და კომპანიების მხრიდან მარკეტინგი - დაურეგულირებელი. ნებისმიერ დროს, ნებისმიერ სოციალურ ქსელში „ამოხტება“ ფანჯარა, რომელიც ამ ადამიანებს სთავაზობს სერვისს, რომელიც საბოლოო ჯამში არის პრობლემატური როგორც სოციალური, ისე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ უკვე დროა ნაბიჯები გადაიდგას რაღაც შეზღუდვებთან დაკავშირებით. პირველი, რაც უნდა გაკეთდეს, არის რომ ხელმისაწვდომაობა არ იყოს ასეთი მარტივი, როგორიც დღეს არის. დანარჩენი მსჯელობის საგანია. ის, რომ ეს პრობლემა მოსაგვარებელია ხელმისაწვდომების გართულების მიმართულებით ცალსახაა“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მიმდინარეობს საკანონმდებლო ინიციატივის შემმუშავებელი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის შესახებ საკანონმდებლო ცვლილების პროექტის მომზადების მიზნით. შეხვედრაში საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში საკანონმდებლო ინიციატივის შემმუშავებელი სამუშაო ჯგუფის წევრები არიან იურიდიულ საკითხთა, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, საფინანსო-საბიუჯეტო, თავდაცვისა და უშიშროების, ევროპასთან ინტეგრაციის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრები, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები.