ნავთლუღი გარევაჭრობის აკრძალვამდე და აკრძალვის შემდეგ (+ფოტო)

თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა ე.წ.ნავთლუღის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიიდან გარევაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციები გაიტანეს.

"თბილსერვის ჯგუფის" თანამშრომლების მიერ დასუფთავდა მეველის ქუჩა და მეტროსადგურ "სამგორის" მიმდებარე ტერიტორია.

თბილისის მერიის ინფორმაციით, მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა მოვაჭრეები რამდენჯერმე გააფრთხილეს, შეეწყვიტათ უნებართვო სამეწარმეო საქმიანობა.

"უნებართვო გარევაჭრობის აღსაკვეთად ღონისძიებები გრძელდება. ამჯერად გარევაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციებისგან ნავთლუღის ბაზრის მიმდებარე ტერიტორია გათავისუფლდა. უახლოეს პერიოდში კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური აქ გზისა და ტროტუარის სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს", - განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ გიგა ნიკოლეიშვილმა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ბაზრობების ასოციაცია, ექვსი თვის განმავლობაში შეღავათიანი პირობებით, გარემოვაჭრეებს სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების მიზნით, ადგილებს დაუთმობს, ბაზრობების დირექცია კი მეწარმეებს საკუთარი პროდუქციის კონკურენტუნარიან პირობებში რეალიზაციისთვის ყველა პირობას შეუქმნის. გარემოვაჭრეებს საკუთარი პროდუქციის რეალიზაცია რკინიგზის სადგურსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, "დინამოს" მიმდებარე ტერიტორიაზე, მეტროსადგურ "დიდუბის" მიმდებარე ტერიტორიაზე, ძველი დეზერტირების ბაზრის ადგილას აშენებული ახალი ბაზრის ტერიტორიასა და ისნისა და სამგორის ბაზრობებზე შეუძლიათ.

გთავაზობთ ფოტოებს ნავთლუღის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიიდან, რომელიც "თბილსერვის ჯგუფმა" გაავრცელა. ასე გამოიყურებოდა ბაზრის ტერიტორია გარევაჭრობის კონსტრუქციების აღებამდე და აღების შემდეგ.

წყარო AMBEBI.GE

იხილეთ ფოტოები