წინა წელს ელექტროენერგიის უკანონო გამოყენების ფაქტზე თბილისში 2 275 პირი დაჯარიმდა

2016 წელს ელექტროენერგიის უკანონო გამოყენების ფაქტზე თბილისში 2 275 პირი დაჯარიმდა. ამის შესახებ, „ბიზნესპრესნიუსს“ კომპანია „თელასში“ განუცხადეს.

მათივე ცნობით, გასულ წელს ელექტროენერგიის უკანონო გამოყენებაზე 1 600 პირი გაფრთხილდა.

რაც შეეხება 2015 წლის სტატისტიკას, ელექტროენერგიის უკანონო გამოყენების (მრიცხველის გვერდის ავლით თუ სხვა საშუალებით) ფაქტზე - დაჯარიმდა 249 და გაფრთხილდა - 948 პირი.

კომპანიაში ვერ აკონკრეტებენ, თუ რამდენი იყო აქედან ფიზიკური და რამდენი იურიდიული პირი, შესაბამისად, ვერ ხერხდება იმის დადგენა თუ რა ოდენობის ჯარიმა დაეკისრათ პირებს დარღვევის შემთხვევაში.

ელექტროენერგიის უკანონოდ გამოყენება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით ისჯება. კერძოდ, 96-ე პრიმა მუხლის თანახმად, ელექტროენერგიის დატაცების გამოვლენისას პირი გაფრთხილდება; 1 წლის განმავლობაში იგივე ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში კი ფიზიკური პირი - 100 ლარით, ხოლო იურიდიული პირი - 15 ათასი ლარით ჯარიმდება.

გარდა ამისა, როგორც „თელასში“ „ბიზნესპრესნიუსს“ უთხრეს, დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში გამოითვლება ელექტროენერგიის საშუალო 3 თვის მოხმარება და ის ელექტროენერგიაც დაერიცხება.